"ევროპაში თითქმის ყველა ქალაქსა თუ ქვეყანაში არის მსგავსი რეგულაცია ურბანული დაგეგმარების ფარგლებში, როდესაც „ერთი უბანი - ერთი მარკეტის“ პრინციპით მუშაობს", - ამის შესახებ სასურსათო პროდუქტების ფასების შემცირებაზე საუბრისას "ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ერთი უბანი - ერთი მარკეტის“ პრინციპი მუშაობს ამდაგვარად, რომ ცენტრალურ უბნებში მეტ-ნაკლებად უფრო მეტად წახალისებულია ადგილობრივი, ე.წ უბნის მარკეტები და ცენტრალური ქუჩების გარეთ ქსელური მარკეტები.
ქვრივიშვილის მოსაზრებით, "ეს ერთის მხრივ ჯანსაღ კონკურენციას ხელს უწყობს, მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს გარკვეულწილად მომხმარებლებისთვის იყოს შესაძლებლობა, რომ აარჩიოს რომელი მიმართულებით წავიდნენ".
"პრემიერმაც არაერთგზის ახსენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი სოციალურ პასუხისმგებლობასა და უშუალოდ კერძო სექტორის მომგებიანობასთან მიმართებაში და მე ძალიან გულწრფელად მინდა, რომ მათ შორის მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ მათი მოტივაცია, უშუალოდ ამ შემთხვევაში მწარმოებლებს ვგულისხმობ, დისტრიბუტორებს, ისევე როგორც ქსელურ მარკეტებს, ემთხვევა სახელმწიფოს მოტივაციას. მოტივაციას იმასთან მიმართებაში, რომ უნდა მოხდეს ფასების შემცირება.
ასევე, მე ციტირებას გავაკეთებ კერძო სექტორის წარმომადგენლების, სადაც მათ თავადვე დაადასტურეს, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე ვიცით სად არის პრობლემა და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, რომელიც დაიწყო სამთავრობო კომისიიდან და ახლა გრძელდება საპარლამენტო კომისიის ფარგლებში, ჩვენ ძალიან სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.ახლა რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებებს, რაც შეიძლება რომ იქნას მიღებული და დღეს ბევრჯერ გაჟღერდა, მათ შორის, ევროპული მაგალითები.
ჩვენ ერთის მხრივ ვამბობთ, რომ მაქსიმალურად მომართული ვართ იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იყოს გამჭვირვალე, ჩვენ ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას... და მეორე მხრივ, ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვედრებით ევროპის ქვეყნებს და ვამბობთ, რომ გარკვეული კომპონენტებით, როდესაც სურსათზე ვსაუბრობთ, ფასთა შორის დიდი სხვაობაა.
აქვე, თუ მაგალითად მოვიყვანთ ევროპის რეგულაციებს, ჩვენ ასევე შევხედავთ და დღეს, თუ არ ვცდები, ბატონმა კაკომ აღნიშნა, რომ ევროპაში თითქმის ყველა ქალაქსა თუ ქვეყანაში არის მსგავსი რეგულაცია ურბანული დაგეგმარების ფარგლებში, როდესაც „ერთი უბანი - ერთი მარკეტის“ პრინციპით მუშაობს.
ჩვენ თუ ცოტა უფრო სიღრმეში შევალთ, შევხედავთ, რომ „ერთი უბანი - ერთი მარკეტის“ პრინციპი მუშაობს ამდაგვარად, რომ ერთი მხრივ ცენტრალურ უბნებში მეტ-ნაკლებად უფრო მეტად წახალისებულია ადგილობრივი, ეგრეთ წოდებული უბნის მარკეტები და ცენტრალური ქუჩების გარეთ უკვე უფრო მეტად ვხედავთ ქსელურ მარკეტებს.
ეს ერთის მხრივ ჯანსაღი კონკურენციას ხელს უწყობს, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ გარკვეულწილად მომხმარებლებისთვის იყოს შესაძლებლობა, რომ აარჩიოს რომელი მიმართულებით წავიდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ძალიან სწორი პრაქტიკა, რომელიც ერთი მხრივ შეიძლება საერთაშორისო არეალზე არსებობდეს, სწორი ადაპტირებით მოხდეს ჩვენ ქვეყანაზე, იმისთვის, რომ დავიცვათ აი, ეს ბალანსი, რომ ბიზნესმა განაგრძოს თავისუფლად ბიზნესის კეთება, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოთ და ჩვენი მოსახლეობისთვის გაიაფდეს პირველადი საჭიროების პროდუქტები", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.




























