"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ევროკავშირი საქართველოს მთავრობას დააყენებს არჩევანის წინაშე, მშვიდობა და სტაბილურობა, თუ ვიზალიბერალიზაცია, ხელისუფლება უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მიანიჭებს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ევროკომისიის მხრიდან ასე დგას არჩევანი.
„თუ ასე დადგება საკითხი ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ასე გვიყენებენ საკითხს“, — განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია არ არის ეგზისტენციალური საკითხი, მაშინ როცა მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ ეგზისტენციალური საკითხებია.
„ევროპაში წახვალ მოქალაქე ვიზით, თუ უვიზოდ ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი. რასაც გვთავაზობენ, რომ მშვიდობა დაგვირღვიონ და სტაბილურობა ეს არის ეგზისტენციალური საკითხი“, — თქვა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე ისაუბრა ე.წ. „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე და განაცხადა, რომ მას „რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ კანონსაც“ უწოდებს. მისი შეფასებით, თუ ვინმეს სურს საქართველოში დააფინანსოს „რევოლუციური პროცესები“, ამის გაკეთება გამჭვირვალედ უნდა მოხდეს.
„არასწორია ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა“, — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებითვე, არ არის სწორი, როცა ევროკავშირის მხრიდან ჟღერდება დირექტივების სახით მოთხოვნები და, მისივე თქმით, „ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს“.
„მზად ვართ ჯანსაღი დისკუსია გავმართოთ ყველა სუბიექტთან ყველა საკითხზე. მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას არ წარმოუჩინონ ევროკავშირი, როგორც საბჭოთა კავშირი“, — თქვა მან.




























