მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს EU-ში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა

621e8fa58d5ba
BM.GE
02.03.22 01:25
620
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. 13 პუნქტისგან შემდგარ პროექტში გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

პროექტის ინიცირების პროცედურა დღეს დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

1. ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის, „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ 2016 წლის 29 დეკემბრისა და 2020 წლის 29 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებს;

2. ხელმძღვანელობს რა საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი ნებით, ისტორიული არჩევანით, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში და გულისხმობს „ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას;

3. ითვალისწინებს რა საქართველოს მოქალაქეთა სწრაფვას, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი;

4. აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია;

5. მიესალმება 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების განხორციელების მნიშვნელოვან პროგრესს და აღნიშნავს, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის საყრდენად რეგიონში;

6. აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტით ქვეყანაში კეთილდღეობის ზრდისა და სტაბილურობის განმტკიცების, ასევე, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საფუძველია;

7. მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის;

8. მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, აქტიურად ჩაერთოს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებიც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, გააღრმავებს სატრანსპორტო კავშირებს საქართველოსა და ევროკავშირს, ასევე საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, მათ შორის შავი ზღვის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების გზით;

9. მიესალმება რა 2017 წელს ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედებასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ვიზის გარეშე გადაადგილების შესაძლებლობის მიღებას, მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ისე ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;

10. მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ევროკავშირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მონაწილეობის გაზრდას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში, ასევე დაჩქარებული წესით საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში;

11. მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად შესასრულებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით;

12. მოუწოდებს ევროკავშირს, უზრუნველყოს 2020 წლის 7 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის შემოღების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებში პასუხისმგებელ პირებზე გავრცელება, რათა შეწყდეს ადამიანის უფლებათა დარღვევები და უკანონო დაკავებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

13. მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, „ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები