მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში გართულება არ გვქონია, ვიმედოვნებ არც მომავალში იქნება - ლევან ბურდილაძე

ლევან ბურდილაძე

„რუსთავის აზოტის“ მმართველი კომპანია „ინდორამა კავკასუსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ბურდილაძე ამბობს, რომ კომპანია მომავალ წელს დაასრულებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) 2 მილიონი ევროს გრანტით დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ემისიების შემცირებას ისახავს მიზნად.

კერძოდ, როგორც მან BMG-სთან განაცხადა, პროექტის დასრულების შედეგად კომპანიის ემისიებიდან აზოტის ქვეჟანგის შემცველობის ელიმინაცია მოხდება.

„GIZ-მა 2022 წელს გრანტი დაგვიმტკიცა იმისთვის, რომ აზოტმჟავის საამქროში განვათავსოთ თანამედროვე ტიპის კატალიზატორები და ამასთან ერთად, მოხდეს არსებული რეაქტორის ძირფესვიანი მოდერნიზაცია. ეს პროექტი მომავალი წლის აგვისტო-სექტემბერში დასრულდება, გეგმურ რემონტზე რომ გავჩერდებით. როგორც კი დასრულდება, ჩვენს ემისიებში აზოტის ქვეჟანგის შემცველობის ელიმინაცია, ანუ გამოთიშვა მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და გვიხარია, რომ მომავალ წელს დავასრულებთ“,- თქვა ლევან ბურდილაძემ.

BMG დაინტერესდა, თუ აისახა კომპანიაზე ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებული დაძაბული ვითარება, რამაც რიგი ბიზნესების შემთხვევაში პროექტების დაპაუზება თუ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის გართულება გამოიწვია. ლევან ბურდილაძე ამბობს, რომ არც ერთ ევროპელ პარტნიორთან რაიმე გართულებას ან ურთიერთობის დაძაბვას ადგილი არ ჰქონია.

„ნამდვილად არ ასახულა არანაირად, არც უარყოფითად. როგორც გვქონდა აქამდე, ისევ ისეთი თანამშრომლობა გვაკავშირებს და დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ამ მხრივ არანაირი გართულება არ მოხდება მომავალში და პირიქით, უფრო აქტიურ რეჟიმში გადავა. სხვანაირად არც შეიძლება რომ მოხდეს“, - თქვა „ინდორამა კავკასუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები