GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე აცხადებს, რომ ევროპელი ინვესტორები საქართველოში ელექტროსადგურებში ინვესტირებით არიან დაინტერესებული, თუმცა, მისივე თქმით, მათ მოსაზიდად ბიუროკრატიული პროცესების გამარტივებაა საჭირო.
როგორც მაია მელიქიძემ აღნიშნა, გენერაცია, რომელსაც ქვეყანას მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები სთავაზობენ, საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტში შეუწყობს ხელს. ამისთვის კი, მისი თქმით, საჭიროა ნამოხვანის, ნენსკრას და ხუდონის აშენება, რათა დამატებით დიდი რაოდენობის ელექტროენერგია დაგენერირდეს ქვეყანაში.
"დღევანდელ რეალობაში და მოცემულობაში ფაქტია, რომ ენერგომატარებლებზე ფასი იზრდება. ეს მოცემულობა ჩვენ კიდევ ერთხელ გვაძლევს იმ სიგნალს, რომ ქვეყანამ აუცილებლად უნდა მოახდინოს უტილიზაცია იმ ენერგოწყაროებისა, რომლებიც გააჩნია. ბუნებრივია, მთელ ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარეგულირებელი და მსხვილი ჰესების ხელშეწყობა. ნამოხვანი, ნენსკრა, ხუდონი უნდა აშენდეს, ვინაიდან ჯამში 1417 მეგავატზეა საუბარი. ენგურჰესი 1300 მეგავატს აგენერირებს, კიდევ 1417 მეგავატი სერიოზულ შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყანას, რომ არა მხოლოდ თვითკმარი გახდეს, არამედ ექსპორტზე მოახდინოს ორიენტირება - ეს სერიოზულ დოვლათს მოუტანს ქვეყანას და ეკონომიკურად სერიოზული პროგრესი გვექნება.
ინვესტორები საკმაოდ არიან დაინტერესებული, არაერთი შეხვედრა მაქვს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული. მათ შორის არიან ევროპელი ინვესტორებიც. მათთვის მნიშვნელოვანია გენერაციაში ინვესტირება. საუბარი არ არის მხოლოდ მზის ენერგიაზე, როგორც ეს აქამდე იყო, გამოჩნდა ქარით და ჰიდროთი დაინტერესებაც. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის შანსს, რომ ბიუროკრატიის კომპონენტი აბსოლუტურად მინიმუმამდე დავიყვანოთ და ინვესტორებს მივცეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გაიცეს ნებართვები თუ ყველა სხვა პროცედურა, მათ შორის გარემოსდაცვითი საკითხები დროულად გადაწყდეს", - განაცხადა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, მაისში საქართველოდან ჯამურად ექსპორტირებულია 201 გვტ. საათი ელექტროენერგია. ექსპორტიდან შემოსავალმა 9.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მთავარი საექსპორტო ბაზარი წელსაც თურქეთია. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება - გაზაფხულიდან ზაფხულის ჩათვლით. Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის თქმით, წელს, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტზე მოთხოვნა შემცირებული იქნება. ამის მიზეზად კი, თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასების კლებას და იქიდან ექსპორტზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებს.