მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ევროპელი მეგობრები გაოცებული არიან, როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა" - ღარიბაშვილი

62e3bd1a0be7f
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.22 14:50
873
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, “ევროპელ მეგობრებთან და ლიდერებთან” კომუნიკაციისას მას ეუბნებიან, რომ “გაოცებული არიან” საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.5%-ით გაიზარდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ დროს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რეცესია ფიქსირდება.

“მოგეხსენებათ რა მძიმე ვითარებაა დღეს მსოფლიოში, არათუ ჩვენს რეგიონში. პანდემიის დროს გლობალური ეკონომიკა შემციდა, ქვეყნების ეკონომიკებმა განიცადეს უკუსვლა და 2020 წელს გვქონდა დიდი ჩავარდნა ეკონომიკაში. გახსოვთ, რომ გასულ წელს ჩვენს მიერ გადადგმული საკმაოდ გაბედული, გონივრული და გააზრებული ნაბიჯების შედეგად ჩვენი ეკონომიკა შარშან გაიზარდა უპრეცედენტოდ მაღალი, 10.8%-ის მაჩვენებლით. წელს ასევე პანდემია დასრულდა და თითქმის დასრულებულად შეიძლება ითქვას და აღარ არის ისეთი გამოწვევა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა რაც არის, ესაა ომი უკრაინაში. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის. მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის. მოსალოდნელია, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება და ევროპაში ელოდებიან რეცესიას, ძალიან რთული ვითარებაა ენერგეტიკის ფასებთან დაკავშირებით, ინფლაცია არის დიდი გამოწვევა მთელს ევროპასა და მთელს მსოფლიოში, ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული ინფლაცია და არავითარი ხელშესახები ზრდა არ ფიქსირდება სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროპაში.

რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას, ჩვენს მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, პირველ 6 თვეში ივნისის ჩათვლით გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,5%-ის ოდენობით. ეს არის დიდი გამონაკლისი დღეს მსოფლიოში. მე მაქვს ხშირი კომუნიკაცია ჩვენს ევოპელ, ლიდერებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან და ძალიან გაოცებული არიან, როგორ მოახერხა პატარა საქართველომ აი ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა.

მოგეხსენებათ, რომ ლარიც განაგრძობს გამყარებას და ეს ხელს უწყობს, რომ მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყნის ეკონომიკაში. ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილები იქმნება, ათასობით სამუშაო ადგილები და ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს,”- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები