საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, ნატა კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტურიზმის სექტორის მდგრადი განვითარებისთვის გადამწყვეტი მაღალმხარჯველ, ნიშურ ტურისტებსა და ბაზრების სტრუქტურულ დივერსიფიკაციაზე ორიენტირებაა და არა მასობრივი ტურიზმის წახალისება.
"ანალიტიკას" ეთერში მან აღნიშნა, რომ ევროპული ბაზარი ქართული ტურისტული ბიზნესისთვის უალტერნატივო პრიორიტეტად რჩება, რადგან სწორედ ევროპელი მომხმარებელი უზრუნველყოფს სექტორისთვის მაღალ ხარისხობრივ და ფინანსურ მაჩვენებლებს.
საქმე ისაა, რომ 2026 წლის 6 თვეში ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროკავშირიდან ჩამოსული ერთი ტურისტის საშუალო დანახარჯი 1 347 დოლარია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საშუალო ხარჯს (503 დოლარი). შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ევროკავშირის მაჩვენებელს ორნახევარჯერ აღემატებოდა, შემოსავალი ორივე ბაზრიდან თითქმის თანაბარი აღმოჩნდა.
ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, სწორედ ეს მაჩვენებლები განსაზღვრავს ბიზნესის სამომავლო სტრატეგიას და მიანიშნებს იმაზე, თუ საით უნდა წარიმართოს საინვესტიციო აქტივობა.
"ტურიზმი გარკვეულწილად ციფრებიც არის, მაგრამ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ჩვენ გვაქვს ყოველ კვარტალში, არის ის ბაზისი, რომელზეც ბიზნესი ყოველთვის აკეთებს ძალიან მკვეთრ აქცენტს იმისთვის, რომ მისი მომავალი იყოს უკეთ დაგეგმილი. შესაბამისად, ეს ეხება არა მხოლოდ მოქმედ კომპანიებს, არამედ დაინტერესებულ ორგანიზაციებსა თუ ინვესტორებს, რომელთაც საქართველოში ინვესტირება სურთ. სტატისტიკური მონაცემები ჩვენთვის არის ის გასაღები, რაზეც ვაგებთ ყოველთვის სამომავლო პერსპექტივებს. შესაბამისად, ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ როგორც სტატისტიკურ მონაცემებზე, ასევე მის ხარისხობრივ მაჩვენებელზე და იმ ქვეყნების რაოდენობაზე, რომელიც გვინდა, რომ წლიდან წლამდე გაიზარდოს, როგორც ახალი დანიშნულების ადგილები ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნავს ნატა კვაჭანტირაძე.
ასოციაციის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კერძო სექტორი დიდ ძალისხმევას დასავლურ ბაზარზე პოზიციონირებისთვის მიმართავს, რადგან ევროპელი ტურისტი უფრო ხანგრძლივ ვიზიტსა და მრავალფეროვან აქტივობებს ირჩევს:
"ევროპელი მომხმარებლები, რომლებიც საქართველოში მინიმუმ ერთი კვირით რჩებიან, გარკვეულ დანახარჯებსაც აკეთებს და სტატისტიკურ მონაცემებშიც უპირატესია.
ევროპელ მომხმარებლებს მხოლოდ კულტურული ტურიზმი არ აინტერესებთ. ისინი დიდ ინტერესს იჩენენ ჩვენი როგორც სამთო, ისე საზაფხულო კურორტების მიმართ და, თავისთავად, კონკრეტულ მიმართულებებზე აკეთებენ აქცენტს. ახლახან გამართულ პირდაპირ შეხვედრებზე ისინი მკვეთრად ითხოვდნენ სოფლის ტურიზმის, აგრო და ეკომიმართულებების გაძლიერებას, ასევე სპეციფიკურად ამ ბაზრებისთვის ახალი პროდუქტების შექმნას. ძალიან კარგია, როდესაც ეს შემოთავაზება თავად მათგან მოდის, რადგან ისინი აქ რეალურ რესურსს ხედავენ. მათ ძალიან მოსწონთ ჩვენი დაცული ტერიტორიები, სადაც უნიკალური შესაძლებლობები შეიძლება დაიგეგმოს სწორედ ევროპელი მომხმარებლებისთვის, რომლებიც მდგრადობის კომპონენტს განსაკუთრებულ ხაზს უსვამენ", - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.
ამასთან, კვაჭანტირაძის თქმით, საქართველო ნიშური ტურისტული მიმართულებაა და ქვეყნის კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად მასობრივ ნაკადებზე აქცენტის გაკეთება გამართლებული არ არის.
"ჩვენ არ ვლობირებთ მასიური ტურიზმის გაძლიერებას იქიდან გამომდინარე, რომ დავიცვათ ჩვენი კულტურა და ჩვენი ავთენტურობა. თუმცა ნიშური მიდგომები და კონკრეტულად ის მაღალმხარჯველი ტურისტი, რაზეც აქცენტს აკეთებს ქვეყანა, ბიზნესის ჩართულობით უნდა იყოს სწორად მიწოდებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორად უნდა მივაწოდოთ ის ტურისტული პროდუქტები, რითაც არის საქართველო ნიშურიც და მიმზიდველიც", - ამბობს ის.
კვაჭანტირაძემ "ანალიტიკას" ეთერში ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსისა და ევროპულ ბაზარზე ბიზნესის ოპერირების შესაძლო შეფერხებების შესახებაც ისაუბრა. ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობისას ბარიერები არ ექმნება.
"ამ ეტაპზე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ევროპაში ჩასულ ბიზნესს ნამდვილად არ ექმნება ამ კუთხით პრობლემა. პირიქით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მაგალითად, ბრიტანელი საგამოფენო ორგანიზატორები, ძალიან ხელგაშლილად ცდილობენ, რომ მიგვიწვიონ, რათა იქ სტენდით წარვდგეთ, წარვადგინოთ კერძო სექტორი და გავაცნოთ საქართველო ბრიტანელ მომხმარებელს. ევროკავშირის მხრიდან მთავარი მოთხოვნა ხარისხზე ორიენტირებული მომსახურება და ის ევროპული სტანდარტებია, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება როგორც განათლების, ისე მომსახურების მთელი ჯაჭვის ჭრილში", - ამბობს ის.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა მთავარ მიზნად რჩება, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია რისკების სწორი მართვა და პორტფელის დივერსიფიკაცია შუა აზიის, შორეული აღმოსავლეთის, ჩინეთისა და ინდოეთის მიმართულებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონკრეტულ ბაზრებზე (მაგალითად, ყურის ქვეყნებსა თუ ისრაელზე) გადამეტებული დამოკიდებულება და შემოსავლების წყაროები უკეთ დაბალანსდეს.
"დივერსიფიკაციის ნაწილში ბიზნესი საკმაოდ დიდ დანახარჯებს სხვა მიმართულებებზეც გასწევს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ახალი ქვეყნების აღმოჩენას, რომელთათვისაც საქართველო საინტერესო იქნება. რაც შეეხება შუა აზიას, შორეულ აღმოსავლეთსა თუ ამერიკის მიმართულებებს - ეს არის სრულიად ახალი შესაძლებლობა იმ გამოწვევების ფონზე, რაც ბოლო პერიოდში გავიარეთ. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მარტის მოვლენების დროს: ბევრი კომპანია თუ სასტუმრო, რომელიც მანამდე მხოლოდ ყურის ქვეყნებსა თუ ისრაელის ბაზარზე აკეთებდა აქცენტს, დღეს ხედავს პარტნიორების გადაბალანსების აუცილებლობას შუა აღმოსავლეთის, ჩინეთისა და ინდოეთის მიმართულებებით. პარალელურად, ისინი პრიორიტეტად ინარჩუნებენ ევროპულ ბაზარს, განსაკუთრებით იმ მიმართულებებს, სადაც პირდაპირი ავიამიმოსვლა გვაქვს", - ამბობს ნატა კვაჭანტირაძე.
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით შემცირდა და 1.930 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 3%-იან კლებას (2 730 000 საერთაშორისო ვიზიტორი) უკავშირდება.შემოსავლების კლების მიუხედავად, ერთ ვიზიტორზე საშუალო დანახარჯი 701 დოლარიდან 706 დოლარამდე გაიზარდა.

























