შვედეთში, ბელგიასა და ლუქსემბურგში მოქმედმა სუპერმარკეტების ქსელებმა მაღაზიების სამაცივრე დანადგარებში ტემპერატურის მოულოდნელი მატება დააფიქსირეს.
კომპანიების განცხადებით, ათეულობით სავაჭრო ობიექტზე დაფიქსირებული შეფერხება, სავარაუდოდ, მორიგ მასშტაბურ კიბერთავდასხმას უკავშირდება.
სისტემური შეფერხება შვედურ ქსელებს, Coop-სა და ICA-ს შეეხო, ბელგიასა და ლუქსემბურგში კი ნიდერლანდური Ahold Delhaize-ის მაღაზიები დააზარალა.
Ahold Delhaize-ის წარმომადგენელმა, სარა დე მეისტერმა დაადასტურა, რომ გაგრილების სისტემებში ტემპერატურა გაიზარდა. ინციდენტის მოკვლევა კი უკვე მიმდინარეობს.
Le Soir-ის ინფორმაციით, შეფერხებამ ბელგიაში ათეულობით სავაჭრო სივრცე, მათ შორის Spar-ის ხუთი ობიექტი და Proxy Delhaize-ის მაღაზიები დააზარალა. პარალელურად, შვედეთში Coop-ის ექვსი სუპერმარკეტი გაითიშა, კომპანია ICA-მ კი დაადასტურა, რომ სამაცივრე დანადგარების ანალოგიური დაზიანება მათ რამდენიმე ფილიალშიც დაფიქსირდა.
სამაცივრე სისტემების მომსახურე კომპანია Sabcobel-ის ხელმძღვანელის, სტეფან მულანსის განმარტებით, ტექნიკოსებმა დაზიანებული დანადგარები ცენტრალური ქსელიდან ეტაპობრივად გათიშეს.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ანალოგიური მასშტაბური კიბერთავდასხმა საფრანგეთის სავაჭრო ქსელებზე განხორციელდა. მაშინ თავდამსხმელებმა 700-მდე მაღაზიის სამაცივრე სისტემაზე დაამყარეს დისტანციური კონტროლი, რამაც სავაჭრო ქსელებს მილიონობით ევროს პროდუქცია გაუნადგურა.
























