მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი საქართველოზე - პრემიერი დეტალებზე

პრემიერი
18.07.24 20:30
250

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ რომ ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და ზოგადად სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დასრულდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, სადაც ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

„დისკუსიებში მონაწილეობდნენ პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. ზოგადად იყო ძალიან საინტერესო ფორმატი. მე მქონდა სიტყვით გამოსვლის საშუალება ენერგეტიკული დაკავშირებადობის თემაზე, რაც იყო ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ რომ ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და ზოგადად სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით.

ჩვენ გვქონდა ასევე საშუალება, რომ გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები, გავსაუბრებოდით ჩვენს კოლეგებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან შესაბამისად, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი, რათა გაგვეზიარებინა ის გზავნილები, რაც უკავშირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დოკუმენტში ასახულია საქართველოს განსაკუთრებული ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით.

„ჩვენი ქვეყანა მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რომელიც ჩამოყალიბდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ ამ კუთხით გამოვკვეთოთ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, ამაზე გვქონდა საუბარი ამ სამიტის ფარგლებში და სწორედ ეს საკითხი აისახა საბოლოო ჯამში ამ სამიტის დოკუმენტში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები