2025 წელს ევროკავშირში საშობაო დანახარჯები იზრდება, რაც ინფლაციით გამოწვეულ ფასების მატებასა და სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებას უკავშირდება. მონაცემთა პლატფორმა Statista-ს თანახმად, სადღესასწაულო სეზონზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტს გერმანია დახარჯავს.
პროგნოზის მიხედვით, 2025 წლის საშობაო პერიოდში გერმანიაში საცალო გაყიდვების მოცულობა €85.24 მილიარდ ევროს მიაღწევს. მას მოსდევს საფრანგეთი €71.65 მილიარდი ევროთი და იტალია €43 მილიარდზე მეტი ევროთი.
უფრო ფართო ევროპულ ჭრილში ლიდერი გაერთიანებული სამეფოა, სადაც PwC-ის კვლევით, 2024 წელთან შედარებით დანახარჯების 3.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, მიუხედავად სადღესასწაულო ვაჭრობის შედარებით დუნე დასაწყისისა.
| ქვეყანა | საშობაო საყიდლებზე დანახარჯები - მლრდ € |
| გაერთიანებული სამეფო | 103.9 |
| გერმანია | 85.24 |
| საფრანგეთი | 71.65 |
| იტალია | 43.04 |
| ესპანეთი | 30.63 |
| ნიდერლანდები | 15.13 |
| ბელგია | 11.18 |
თუმცა, წლევანდელი საჩუქრები შესაძლოა, უფრო ძვირი დაჯდეს, რადგან Eurostat-ის მონაცემებით, ევროზონაში წლიური ინფლაცია 2025 წლის ნოემბერში 2.2%-მდე გაიზარდა (ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 2.1% იყო).
Mastercard-ის ეკონომიკის ინსტიტუტის უახლესი პროგნოზით, სადღესასწაულო დანახარჯებში მომხმარებელთა სიფრთხილე აისახება - ისინი ფასების მიმართ მეტ მგრძნობელობას იჩენენ და უპირატესობას შედარებით ხელმისაწვდომ ნივთებს ანიჭებენ.
რა არის ყველაზე პოპულარული საჩუქრები ევროკავშირში?
ეკონომიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებს შორის სილამაზის პროდუქტები, მოდური ტანსაცმელი და ტექნიკაა. ქვეყნების მიხედვით მონაცემები ასე ნაწილდება:
-
ჩეხეთში ყველაზე მეტი თანხა კოსმეტიკაზე იხარჯება;
-
პოლონეთში მომხმარებლები უპირატესობას სამკაულებსა და საათებს ანიჭებენ;
-
ესპანელები ყველაზე ხშირად მეორად ნივთებს ყიდულობენ;
-
იტალიელები კი - საყოფაცხოვრებო ტექნიკას.
აღსანიშნავია, რომ ჩეხები ასევე ლიდერობენ თამაშებსა და სათამაშოებში გადახდილი თანხის მიხედვით მთელ ევროპაში.
უსაფრთხოების რისკები და ახალი რეგულაციები
გასულ წელს ევროკავშირში უსაფრთხოების მხრივ ყველაზე მეტი დარღვევა სწორედ კოსმეტიკასა და სათამაშოებში დაფიქსირდა. შემთხვევების თითქმის ნახევარში რისკის მთავარ მიზეზად მავნე ქიმიური შემადგენლობა დასახელდა.
ევროპის სათამაშოების ინდუსტრიის ასოციაციამ (TIE) ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც 70 სათამაშო შემოწმდა შვიდ მსხვილ ონლაინ პლატფორმაზე. შედეგები საგანგაშო აღმოჩნდა: პროდუქციის 96% არ შეესაბამებოდა ევროკავშირის უსაფრთხოების მოთხოვნებს, ხოლო 86%-ს სერიოზული ხარვეზები ჰქონდა (მაგალითად, გადაყლაპვის რისკის შემცველი მცირე ნაწილები, მძლავრი მაგნიტები და ელემენტებთან იოლი ხელმისაწვდომობა).
ამ გამოწვევების საპასუხოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ ახალი წესები დაამტკიცა. რეგულაცია ითვალისწინებს „ციფრული პასპორტის“ შემოღებას ონლაინ გაყიდული სათამაშოების უკეთ გასაკონტროლებლად და კრძალავს ბავშვებისთვის მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას.




























