მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის რომელ ქვეყნებში ჯდება ბინის ყიდვა ყველაზე ძვირი?

ევროპა

უძრავი ქონების სააგენტო Deluxe Holiday Homes-ი, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, ევროპის ქვეყნებში ბინის შესყიდვის ღირებულებაზე კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წელს, წლიურ ჭრილში, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება ყველაზე მეტად სერბეთში გაიზარდა, თუმცა ბინები ყველაზე ძვირად შვეიცარიაში იყიდება - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ყველაზე ძვირი ბინის ყიდვა შვეიცარიაში ჯდება, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულება, საშუალოდ, €18,781-ია. საყურადღებოა, რომ ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასიც შვეიცარიაშია, ისევე როგორც, ცხოვრების ღირებულება. ამასთან, ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი ბინებს საბერძნეთში აქვთ, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულება, საშუალოდ, €2,899-ია.

სერბეთში აპარტამენტების ფასები, 2023-დან 2024 წლამდე, 82.66%-ით, კვადრატულზე €3721-მდე გაიზარდა, თუმცა საშუალო ხელფასი ქვეყანაში იგივე - €764 - დარჩა. ამასთან, ცხოვრების ღირებულება (Cost of Living) სერბეთში საგრძნობლად დაბალია და თვეში €641-ს აღწევს.

კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სერბეთში ბინებზე ფასების ზრდა დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხებითაა განპირობებული. გარდა ამისა, ფასებს ზრდის იმ მოქალაქეთა ჭარბი რაოდენობაც, რომლებიც ცდილობენ, უცხოური ვალუტები უძრავ ქონებაში დააბანდონ - რაც სერბეთში უცხო ვალუტის ინვესტირების ყველაზე ეფექტური გზაა. ამ სექტორში გაზრდილ ინვესტიციებს ხსნის სერბეთის საინვესტიციო კლიმატის არასტაბილურობაც, რადგან ლოკალური ვალუტის გაცვლითი კურსი ხშირად იცვლება.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მრავალმა რუსმა თუ უკრაინელმა მიგრანტმა თავშესაფრის საძებნელად სერბეთს მიმართა, რომლებიც მზად არიან, აპარტამენტისთვის გაცილებით მეტი გადაიხადონ, რაც ბინებზე მოთხოვნას და, შესაბამისად, ფასს ზრდის.

ლიეტუვაში 2023-დან 2024 წლამდე ბინების ფასი 75.78%-ით, €4463-მდე გაიზარდა. ბალტიის რეგიონის ამ ქვეყანაში საარსებო მინიმუმი €764-ს აღწევს, საშუალო ხელფასი კი სერბეთისას თითქმის ორჯერ აღემატება და €1497-ს შეადგენს.

კვლევა ლიეტუვაში აპარტამენტების ფასების ზრდას რამდენიმე მიზეზს აწერს. მათ შორის პირველი ზოგიერთ სექტორში ხელფასების მკვეთრი ზრდაა, რაც, თავის მხრივ, მაღალი ინფლაციითაა გამოწვეული. ამასთან, ლიეტუვაში გაიზარდა ფასები სამშენებლო მასალებზეც. გაზრდილია შრომის ღირებულებაც.

ბოლო წლების განმავლობაში ვილნიუსში დაბალი საოპერაციო ხარჯების გამო გადასული ათობით კომპანიის გამო, უცხოეთიდან ჩამოსული თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მხრიდან აპარტამენტებზე მოთხოვნა მზარდია, რაც ფასებზე ასევე ახდენს გავლენას. აღსანიშნავია ისიც, რომ, განსხვავებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა, ლიეტუვაში კოვიდპანდემიის პერიოდში ბინებზე ფასები არ შემცირებულა.

რუმინეთში აპარტამენტების ფასები, წლიურ ჭრილში, 74.5%-ით, კვადრატულ მეტრზე €2935-მდე გაიზარდა. ცხოვრების ხარჯები კი, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, კვლავ მცირეა და €625-ს აღწევს. რაც შეეხება საშუალო ხელფასს, რუმინეთში ის, დაახლოებით, €1000-ა.

რუმინეთში ბინების ფასებზე მზარდი ტენდენცია რამდენიმე წელია შენარჩუნებულია. მიზეზი გაზრდილი მოთხოვნა და ახალი საცხოვრებელი კომპლექსების დეფიციტია, რაც, თავის მხრივ, მშენებლობის გაზრდილი ხარჯებითაა განპირობებული, ისევე როგორც ქვეყანაში შექმნილი კადრების დეფიციტით.

სხვა ქვეყნებთან შედარებით, მალტაში ბინებზე ფასების ზრდის ნელი ტემპი დაფიქსირდა. წლიურ ჭრილში აქ კვადრატულ მეტრზე აპარტამენტის ღირებულება €3,397-მდე 47.54%-ით გაიზარდა. თუმცა საარსებო მინიმუმი მალტაში €900-ს აღემატება, საშუალო ხელფასი კი მას მხოლოდ მცირედით უსწრებს და €1257-ს შეადგენს.

კვლევის თანახმად, მალტას მცირე ფართობი და მოსახლეობის რიცხოვნობა უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას იწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა ტურისტებისგანაც მაღალია, რის გამოც ბინების დიდი ნაწილი სხვადასხვა პლატფორმაზე გაქირავებისთვისაა განთავსებული, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის კიდევ უფრო ნაკლები აპარტამენტია ხელმისაწვდომი.

რეიტინგში ესპანეთი ბინის ფასების 44.34%-იანი ზრდით მეხუთე ადგილზეა. 2024 წელს ესპანეთში კვადრატული მეტრის ღირებულება €5637-ს აღწევს. ამასთან, ესპანეთის საარსებო მინიმუმი €760-ია, საშუალო ხელფასი კი €2212.

ესპანეთში აპარტმენტების სიძვირის მიზეზი მათი ისეთ ქალაქებში განთავსებაა, რომლებიც ტურისტულად ცხელ წერტილებად ითვლება. ასეთებია: სან-სებასტიანი, მადრიდი, ვალენსია, ბარსელონა, პალმა, ალიკანტე და სხვა ქალაქები. სწორედ ამიტომ, ისევე როგორც მალტაში, ესპანეთში არსებული ბინების უმრავლესობაც მოკლევადიანი გაქირავების პლატფორმებზეა განთავსებული, ადგილობრივებისთვის შესასყიდად კი ნაკლები აპარტამენტი რჩება, რაც მათზე ფასებს შესამჩნევად ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები