Galt & Taggart-ის “საცხოვრებელი უძრავი ქონების” კვლევის თანახმად, 2024 წლის ივნისში, $228.5 მლნ-ის ღირებულების 2 957 ბინა გაიყიდა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ გაყიდული ბინების რაოდენობაში წლიურად 21.9%-იანი, თვიურად კი 7.5%-იანი კლება ფიქსირდება, რაც როგორც პირველად, ასევე მეორეულ ბაზრებზე შეინიშნება. Galt & Taggart-ი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი პოტენციური მყიდველების მხრიდან სტაბილური გარემოს მოლოდინია.
რაც შეეხება გაყიდული ბინების ღირებულებას, Galt-ის თანახმად, ის წლიურად 17.6%-ითაა შემცირებული.
ამასთან, ივნისში ყველაზე მეტი - 489 ბინა - საბურთალოს რაიონში გაიყიდა, სადაც კვ-ზე საშუალო ფასი $1 535-ია, ყველაზე ნაკლები - 52 ბინა კი - მთაწმინდის რაიონში, სადაც კვ-ზე საშუალო ფასი $2 689-აა.
ჯამურად, 2024 წლის 6 თვეში თბილისში 18 877 ბინა გაიყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.6%-ით ნაკლები, რაც მეორად ბაზარზე გაყიდვების კლებითაა განპირობებული მაშინ, როდესაც პირველიდ ბაზარზე 0.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, პირველ 6 თვეში თბილისში $1 438.1 მლნ-ის ღირებულების ბინები გაიყიდა.