მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ყველაზე მდიდრები?

gdp per capita

სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკების შესადარებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მიდგომა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე დაკვირვებაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური გამომუშავების მოსახლეობის რაოდენობაზე გაყოფით მიიღება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაღალი მოცულობა ძირითად შემთხვევებში ქვეყნის მაღალ შემოსავალს, მოხმარების დონესა და ცხოვრების სტანდარტს გულისხმობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი მონაცემების მიხედვით, ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 131 380 დოლარიანი მაჩვენებლით არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა ლუქსემბურგია. ეს მოცემულობა გასაკვირი სულაც არ არის. 600 000 მოსახლიანი ჯუჯა სახელმწიფო ხომ ევროპის მთავარი ფინანსური მომსახურების ცენტრია, რომელიც წლებია, ამ რეიტინგის ლიდერის ტიტულს არ თმობს.

ევროპის მეორე ქვეყანა, სადაც ერთი მოსახლე ყველაზე მაღალ შემოსავალს იღებს ირლანდიაა. ქვეყანაში, მრავალეროვნული კორპორაციების სათავო ოფისების დიდი ოდენობა იყრის თავს და სიმდიდრეც გარკვეულწილად სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარეობს. ირლანდიის ერთ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობა 106 060 დოლარით განისაზღვრება.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 100 000-დოლარიან ნიშნულს აჭარბებს ვხვდებით შვეიცარიასაც. ევროპის საბანკო და საფინანსო კერის, ცხოვრების მაღალი სტანდარტით გამორჩეული ქვეყნის ერთ მოსახლეზე საშუალოდ 105 670 დოლარი მოდის.

ერთ მოსახლეზე მშპ-ს გამოანგარიშების მიხედვით, ევროპის 10 უმდიდრეს სახელმწიფოს შორის სამი სკანდინავიური ქვეყანაც ხვდება. 94 660 დოლარის მაჩვენებლით მე-4 პოზიციას ნორვეგია იკავებს, 84 580 დოლარით მას ისლანდია მოსდევს, ხოლო მეექვსე ადგილას ხვდება დანია, სადაც ერთი მოქალაქის საშუალო შემოსავალი 68 900 დოლარს უტოლდება.

აღსანიშნავის, რომ როგორ წესი, რეიტინგში წამყვან პოზიციებს მცირე რაოდენობის მოსახლეობის მქონე მდიდარი ქვეყნები იკავებენ, შესაბამისად, მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები ათეულის მიღმა რჩებიან.

მაგალითად, ერთ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობით გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უმდიდრესი ქვეყნების ოცეულში პოზიციონირებენ და მათი საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 50 000 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას. ზოგადად, ამ რეგიონის ქვეყნებს არც თუ ისე სახარბიელო მაჩვენებელი აქვთ და მშპ ერთ მოსახლეზე ზემოაღნიშნულ ქვეყნებთან შედარებით დაბალია. მათ შორის ბოლო ადგილას უკრაინა ხვდება, სადაც ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5660 დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი, ირანის, ელ სალვადორისა და გვატემალას შედეგების მსგავსია.

ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის ეკონომიკა, რეჟიმებისა თუ მმართველობის ტიპის ცვლილებისა და სხვა შიდა თუ გარე ფაქტორების გათვალისწინებით, მუდმივად არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, უკრაინის ეკონომიკა ყველაზე მეტად 2022 წელს, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაზარალდა, როდესაც ერთ წელში მშპ 30%-ით შემცირდა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ემიგრაციაც - 6 მილიონი ლტოლვის ოდენობით. თუმცა, ამ გამოწვევების მიუხედავად ექსპერტებისა აზრით, ომში მყოფი უკრაინის ეკონომიკური ზრდა გარკვეულწილად უკვე დასტაბილურდა. მათივე შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია ქვეყანა მეტად კონცენტრირდეს პროდუქტიულობის ზრდასა და წარმოების მოდერნიზაციაზე, რაც თავის მხრივ ეკონომიკური აღდგენის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ მუშახელის დეფიციტის პრობლემას გადაჭრის, არამედ გლობალურ ეკონომიკაში უკრაინის ინტეგრაციას ხელს შეუწყობს.