მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის საბჭომ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ხელშეკრულება შეიმუშავა - ვინ აწერს ხელს შეთანხმებას?

AI

ევროპის საბჭომ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე მუშაობა დღეს, 5 სექტემბერს დაასრულა. შეთანხმებას, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, ხელს დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და აშშ-ც აწერენ.

AI Treaty პირველი საერთაშორისო, კანონიერი დოკუმენტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სისტემებისათვის საკანონმდებლო ჩარჩოს აწესებს და იმ რისკებს აზღვევს, რომლებიც ინოვაციის განვითარებას ახლავს თან.

შეთანხმება განსხვავდება ევროკავშირის AI Act-ისგან, რომელიც გასულ თვეს ამოქმედდა, რადგან AI Treaty ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებზეც ვრცელდება. ამასთან, შეთანხმება არეგულირებს AI სისტემების დანერგვას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში და განიხილავს სხვადასხვა მოდელსაც.

ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის განცხადებით, ხელშეკრულებას გლობალური პოტენციალი აქვს და იმედოვნებს, რომ მას ბევრი ხელმომწერი ეყოლება.

“ვიმედოვნებ, რომ ეს [ქვეყნები] მრავალი ხელმომწერიდან პირველები აღმოჩნდებიან და ხელმოწერას სწრაფი რატიფიკაცია მოჰყვება, რათა ხელშეკრულების პირობები რაც შეიძლება მალე შევიდეს ძალაში”, - ამბობს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.

შეთანხმება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც 5 ხელმომწერი ქვეყნის, მათ შორის ევროპის საბჭოს 3 წევრის მიერ ხელშეკრულების რატიფიკაციიდან 3 თვე გავა. ხელშეკრულების პირობებზე ევროპის საბჭოს 46-მა წევრმა იმუშავა, მათ შორის EU-ს წევრმა 27-მა და არაწევრმა 11-მა ქვეყანამ. გარდა ამისა, შეთანხმებაზე ხელის მოწერა მსოფლიოს არაერთ ქვეყანას შეეძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები