ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტზე მეათეხარისხოვანი ორგანოა, თუმცა ევროპარლამენტსაც არა აქვს რაიმე არსებითი დატვირთვა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
„პირველ რიგში, აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმაზე ბევრად მეათეხარისხოვანი ორგანო, ვიდრე თუნდაც ევროპარლამენტი.
თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტსაც არ აქვს რაიმე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ მუშაობის აზრს, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები თავის დროზე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, როცა ის იყო ჩამობრძანებული საქართველოში, კონკრეტულ საკითხებზე შევთანხმდით და რა თქმა უნდა, ამ თემებზე განვაგრძობთ მუშაობას ევროსაბჭოს ფორმატში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მან ასევე შეაფასა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა გამოაცხადა, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო.
„ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ეს ეხება როგორც ბრიუსელს, ასევე სტრასბურგს და ამის მორიგი გამოხატულება არის ის უსამართლობა, რომელიც დღეს ჩვენ ვიხილეთ. უსამართლობაზე მეტად, ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება. დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც აღიარეს არჩევნების შედეგები, იქვე განაცხადეს, რომ თუ აპრილამდე არ ჩატარდება არჩევნები, გააუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ, არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება, იმიტომ, რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა".
ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს იმას, რომ მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არსებითად ვერ ცვლის ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა დელეგაციის და ჩვენი გუნდის სახელით. ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეაში, წყვეტს მუშაობას და მოხდება დელეგაციის გამოწვევა ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს პარლამენტის მიერ. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა, ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, რა თქმა უნდა, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის მარტივი საკითხი, რაიმე არსებითი მნიშვნელობა ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა, აბსურდულობა არის ასპექტი ამ გადაწყვეტილების, რაც ანალიზს იმსახურებს“, - განაცხადა კობახიძემ.




























