ევროპის ცხრა ქვეყანამ და უკრაინამ კონტინენტის დასაცავად ანტიბალისტიკური კოალიცია დააფუძნეს. არსებული ინფორმაციით, ახალი გაერთიანება მიზნად ევროპაში ანტიბალისტიკური შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებას ისახავს.
დეკლარაციის თანახმად, კოალიცია წმინდად თავდაცვითი ხასიათისაა და ის მტრული სახელმწიფოებისგან სამომავლო სარაკეტო საფრთხეების შეკავებაზე იქნება ორიენტირებული. მასში გაწევრიანდნენ: გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი, შვედეთი და უკრაინა.
ახალი ინიციატივის შესახებ განცხადება 13 ივლისს, პარიზში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაჟღერდა. საერთაშორისო შეხვედრას, რომელსაც ერთობლივად ხელმძღვანელობენ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, 25-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. შეხვედრის მთავარი თემა კი უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ახალი ალიანსის დაფუძნებით ევროპამ მკაფიო არჩევანი გააკეთა უკრაინის დაცვასა და კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებაზე.
სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას პირისპირაც შეხვდა. ლიდერებმა ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებები დეტალურად განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპული ანტიბალისტიკური შესაძლებლობების განვითარებისას საფრანგეთს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ "მსურველთა კოალიაციის" პარიზის დღევანდელ სამიტში პირველად მონაწილეობენ მოლდოვა და ჩრდილოეთ მაკედონია. თავად ალიანსის წევრთა რაოდენობა კი 37-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება კრემლის პოზიციას, მოსკოვმა ეს სამიტი მკაცრად გააკრიტიკა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს შეხვედრა "ომის გამჩაღებლების კოალიციაა". კრემლში მიიჩნევენ, რომ ჩამოთვლილი 37-ვე ქვეყნების ლიდერებს რეალური მშვიდობის დამყარება არ სურთ.




























