"ევროპული ბიზნეს ასოციაციის" თავმჯდომარე ჯონ ბრაეკველდტის მოსაზრებით, საქართველომ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესი უნდა დააჩქაროს, რათა ბიზნესმა EU-ის ბაზარზე გასვლა შეძლოს. როგორც მან BMGTV-ის ეთერში განაცხადა, როდესაც ქართულ კომპანიებს ევროპულ ბაზარზე გასვლა შეეძლებათ, ეს ნიშნავს 500 მილიონ ადამიანთან წვდომას.
"ევროპული ბიზნეს ასოციაციის დაარსების შემდეგ, ჩვენი მიზანი იყო კომპანიებისთვის დაბრკოლებები დაგვენახებინა და დავხმარებოდით მათ ამ დაბრკოლებების გადალახვაში. დასაწყისშივე აღმოვაჩინეთ, რომ, ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა. ჩვენი ხედვაა, ვაჭრობა საქართველოში იყოს ისეთივე, როგორიც ეს ევროპაშია. გვსურს, რომ ქართული კანონმდებლობა ჰარმონიზებული იყოს ევროპულთან და საქართველოში გვქონდეს იგივე რეგულაციები. რატომ გვინდა ეს? პასუხი ძალიან მარტივია - იმიტომ, რომ ქართული ბიზნესი იყოს გათვითცნობიერებული და გაუადვილდეს გზა ვაჭრობისკენ, ვინაიდან, სწორედ ესაა სავაჭრო ბარიერების გადალახვის და უფრო მეტი ბიზნესის კეთების გზა.
ყველაზე დიდი ნაბიჯი გადაიდგა გასული წლის ბოლოს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამან საქართველოს იმიჯს დიდი ბიძგი მისცა. საქართველო უკვე ყურადღების ცენტრშია და ის გარეშე ქვეყანა აღარ არის. ის უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ეს ახლა უნდა გამოვიყენოთ. უნდა დავაჩქაროთ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესი, რათა დავანახოთ ევროპას, რომ ქართული ბიზნესი კარგი და ძლიერია.
ხანდახან დამისვამს კითხვა ქართული ბიზნესისთვის, რატომ გვჭირდება ევროკავშირი. პასუხი მარტივია - თუ ახლა ჩვენ გვაქვს ბაზარი, სადაც, თუ არ ვცდები, ბოლო მონაცემებით, 128 000 ბიზნესია რეგისტრირებული, როდესაც ქართულ კომპანიებს წვდომა ექნებათ ევროპულ ბაზარზე, ეს ნიშნავს წვდომას 500 მილიონ ადამიანთან. ეს კი დაუჯერებლად ფართო მასშტაბია და სწორედ ესაა, რაც გვჭირდება.
მინდა გავაკეთო მცირე ისტორიული ექსკურსი. მე ბელგიიდან ვარ და უკვე 20 წელია, საქართველოში ვცხოვრობ, თუმცა, ვიცი ბულგარეთის, რუმინეთისა და პოლონეთის მაგალითი. ვაკვირდებოდი, როგორ მოქმედებდნენ კანდიდატის სტატუსის მიღების ეს ქვეყნები; როგორ განვითარდნენ ისინი, როგორ მოახდინეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ახლა ვხედავთ, რომ ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ვფიქრობ, ესაა მომდევნო ნაბიჯი და რომ შემდეგი საქართველოა. ჩვენ ამ ყველაფრის ნაწილი უნდა ვიყოთ. რა შეიძლება იყოს საქართველოსთვის იმაზე უკეთესი, ვიდრე ევროკავშირის წევრობა", - განაცხადა მან.
ჯონ ბრაეკველდტის თქმით, საქართველოს მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ესაჭიროება და იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს უცხოური კომპანიების დაინტერესებაა საჭირო: "როდესაც საქართველოში ევროპული კომპანიები შემოგვყავს და ისინი აქ მუშაობენ, მათ სურთ იხილონ, რომ, რომ კანონმდებლობა ჰარმონიზებული და საერთოა".
"ევროპული ბიზნეს ასოციაცია" შვიდი წლის წინ დაარსდა. იგი საქართველოში წარმოადგენს ევროპულ კომპანიებს, რომლებიც აქ საქმიანობენ და ასევე ქართული კომპანიებს ეხმარება ევროკავშირთან ვაჭრობის ორგანიზებაში.