არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გვარამ ხანდამიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მოჰყვა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ის წერს, რომ [ევროპულ] კურსს ალტერნატივა არ გააჩნია.
"საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და კონსტიტუციის 78-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულება. ქართველ დიპლომატებს ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვით ამ საკვანძო მიმართულებით წინსვლაში.
ნათელია, რომ ჩვენთვის აღნიშნულ კურსს ალტერნატივა არ გააჩნია, განსაკუთრებით რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის გათვალისწინებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ამ მიმართულებით სწრაფი და შეუქცევადი პროგრესის მისაღწევად, რაც უნდა განხორციელდეს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით", - წერს დიპლომატი.