მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპული ენერგეტიკული რეფორმების გაჭიანურების გამო, ვკარგავთ პოტენციურ ინვესტიციებს - მაია მელიქიძე

მაია მელიქიძე

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გახსნის ექვსჯერ გადავადება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, აფერხებს ევროპულ ბაზართან ჰარმონიზაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სექტორის პროგნოზირებადობას. ამის შესახებ BMG-სთან საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს 2025 წლის იმპლემენტაციის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

ანგარიში, რომელიც წევრი ქვეყნების მიერ ენერგეტიკული რეფორმების შესრულებას აფასებს, საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად მიიჩნევს თავისუფალი და კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის შექმნას, ბაზრის გახსნას და ლიბერალიზაციას.

მთავრობის ახალი დადგენილებით, ბირჟის ამოქმედების საბოლოო ვადად 2027 წლის 1 ივლისი განისაზღვრა, თუმცა, როგორც მელიქიძე განმარტავს, ამ თარიღის მისაღწევად აუცილებელია დოკუმენტში გაწერილი კონკრეტული ნაბიჯების ზედმიწევნით და დროულად შესრულება.

„რეალურად, ექვსჯერ გადავადებული ბირჟის გახსნა არის გამოწვევა სექტორისთვის, ვინაიდან ცალსახად უნდა ითქვას, რომ 2023 წლის პირველ ივლისს კერძო სექტორი, ნამდვილად მზად იყო იმისათვის, რომ გახსნილიყო ბირჟა. ბაზრის ლიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. უბრალოდ, აქ არის გამოწვევა საბალანსო ბაზართან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ენერგეტიკულ გაერთიანებას აქვს გარკვეული რეკომენდაციები“, - ამბობს მაია მელიქიძე.

მისი თქმით, კერძო სექტორი თავად ითხოვს ბაზრის გახსნას, რადგან ეს უზრუნველყოფს ფასების სამართლიან, მოთხოვნა-მიწოდებაზე დაფუძნებულ რეგულირებას და შექმნის უნიფიცირებულ წესებს, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს მთავარი წინაპირობაა.

რეფორმის გაჭიანურების გამო კი, მაია მელიქიძის თქმით, საქართველო კარგავს არა მხოლოდ პოტენციურ ინვესტიციებს, არამედ ევროპულ ენერგეტიკულ სივრცესთან ინტეგრაციის შესაძლებლობასაც.

„რეალურად, ვკარგავთ ახალ ინვესტიციას, ახალ ინვესტორებს. ევროპასთან ჰარმონიზაცია, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად არის გარანტია ევროპული ინვესტიციების შემოსვლისა. ამით რეალურად ვკარგავთ იმ შესაძლებლობას, რაც არის ევროპასთან უფრო მეტი დაახლოება, ჰარმონიზაცია და ერთი თამაშის წესებით უზრუნველყოფა გენერაციის თუ მიწოდება-მოხმარების თვალსაზრისით“, - ამბობს მელიქიძე.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს 2025 წლის იმპლემენტაციის ანგარიშისთანახმად, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრისფუნდამენტური მოთხოვნების შესრულება. ორგანიზაციის რეკომენდაციით, საქართველომდაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს შემდეგი რეფორმები:

  • ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის (TSO) სრული გამიჯვნა(unbundling).
  • საბალანსო ბაზრის გახსნა და საცალო ბაზრის ლიბერალიზაცია.
  • გაზის სექტორში გადამცემი (TSO) და გამანაწილებელი სისტემისოპერატორების (DSO) სრული გამიჯვნა.
  • გაზის ბაზრის კონცეფციის დიზაინისა და საბალანსო წესების იმპლემენტაცია.

საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას 2017 წელს შეუერთდა. ორგანიზაცია ევროკავშირში გაწევრიანებამდე, კონტრაქტორ ქვეყნებს ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვაში და ენერგეტიკული ბაზრის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციაში ეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები