მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში ინფლაცია 6.9%-მდე შემცირდა

643fb26a349df
გიორგი თოლორდავა
19.04.23 13:21
643
ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით, 5.7%-მდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგად ეკონომიკაში ფასების ზრდის ტემპი ისევ ნარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ინფლაცია 9.2% იყო; ნოემბერში - 10.1% იყო; ხოლო ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10.6%-ს შეადგენდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო.

მარტში წლიური ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბუნებრივი აირის ღირებულებაა, რომელიც ერთთვიან ჭრილში თითქმის 40%-ითაა შემცირებული.

ცნობისთვის, რეკორდული ინფლაციის მოსათოკად და ევროს გაუფასურების შესაჩერებლად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის აგრესიული ტემპით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა მარტში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 3%-იან ნიშნულამდე გაზარდა.

ინფლაციის ტემპის შენელების ფონზე, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ECB-ის კომიტეტის მომდევნო სხდომაზე ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის არა 75-50 საბაზო პუნქტით, არამედ 25-ით გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები