მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IV კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 1.9%-ით გაიზარდა

63eb790fde122
გიორგი თოლორდავა
14.02.23 17:55
837
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, გასული 2022 წლის IV კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკა 1.9%-ით გაიზარდა, აღნიშნული მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე და 0.4 პპ-ით ჩამოუვარდება III კვარტლის შედეგს.

საერთო ჯამში, 2022 წლის I კვარტალში ევროზონის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 5.1%-ს შეადგენდა; II კვარტალში ეკონომიკა 0.3%-ით გაიზარდა; ხოლო III კვარტალში მშპ-ის ზრდა 2.3% იყო.

რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ზრდის დონეს, ამ მიმართულებით კლების ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 8.5% შეადგინა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

იანვრის თვეში ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბუნებრივი აირის ღირებულებაა, რომელიც ერთთვიან ჭრილში თითქმის 50%-ითაა შემცირებული.

ცნობისთვის, რეკორდული ინფლაციის მოსათოკად და ევროს მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის აგრესიული ტემპით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა თებერვალში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 2.5%-იან ნიშნულამდე გაზარდა.

ინფლაციის ტემპის შენელების ფონზე, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ECB-ის კომიტეტის მომდევნო სხდომაზე ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის არა 75 საბაზო პუნქტით, არამედ 50-25-ით გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები