მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში ინფლაცია 2.8%-მდე შემცირდა

ევროზონა

ევროზონაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის ივნისში 2.8%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც მაისში ეს მონაცემი 3.2%-ს შეადგენდა. Eurostat-ის წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული კლება ძირითადად ენერგორესურსებზე ფასების წნეხის შემსუბუქებამ განაპირობა, რის შედეგადაც სექტორში წლიურმა ზრდამ მაისის 10.8%-ის შემდეგ ივნისში 8.7% შეადგინა.

როგორც ირკვევა, ფასების ზრდის ტემპი სხვა ძირითად კატეგორიებშიც შენელდა. მომსახურების სექტორში ინფლაცია 3.5%-იდან 3.2%-მდე შემცირდა, სურსათის, ალკოჰოლისა და თამბაქოს ფასების წლიური მატება კი მაისის 1.9%-ის შემდეგ ივნისში 1.6%-მდე შემცირდა. რაც შეეხება საბაზისო ინფლაციას, რომელიც ენერგორესურსების, სურსათის, ალკოჰოლისა და თამბაქოს ფასებს არ მოიცავს, მაჩვენებელი ივნისში 2.4%-მდე შემცირდა.

ამასთან, ტენდენცია ევროზონის უმსხვილეს ეკონომიკებშიც აისახა. გერმანიაში წლიური ინფლაცია ივნისში 2.4%-მდე შემცირდა, საფრანგეთში მაჩვენებელმა 2.0% შეადგინა, იტალიაში კი ფასების ზრდის ტემპი 3.1%-მდე შენელდა.

რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ინფლაციის შემცირება ევროპის ცენტრალური ბანკისთვის უფრო რბილი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას აჩენს. უწყების პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა პორტუგალიაში მიმდინარე ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ცენტრალურ ბანკს ინფლაციასთან ბრძოლაში ისეთივე მკაცრი ზომების მიღება აღარ სჭირდება, როგორც ეს 2022 წელს ხდებოდა.

ცნობისთვის, ევროსისტემის პროგნოზის თანახმად, ევროზონაში წლიური ინფლაცია 2026 წლისთვის 3.0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, 2027 წლისთვის მაჩვენებელი 2.3%-მდე შემცირდება, 2028 წლისთვის კი მიზნობრივ 2.0%-იან ნიშნულს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები