Eurostat-მა ევროზონის წლიური ინფლაციის უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2026 წლის თებერვალში ამ მაჩვენებელმა 1.9%-ი შეადგინა, რაც იანვრის შედეგთან, 1.7%-თან შედარებით მცირედი მატებაა.
მიმდინარე წლის იანვრიდან ევროზონის შემადგენლობას ბულგარეთიც შეუერთდა, რამაც გასაშუალოებულ მონაცემებზე იქონია გავლენა. ამასთან, 4 თებერვლიდან სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსში მეთოდოლოგიური ცვლილებები შევიდა, რაც მიზნად გაეროს ახალ კლასიფიკაციასთან შესაბამისობაში მოსვლას და გაზომვის სიზუსტის გაუმჯობესებას ისახავს.
რაც შეეხება ინფლაციის მხრივ კონკრეტულ შედეგებს, თებერვალში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა მომსახურების სექტორში დაფიქსირდა. კერძოდ, 3.4%. მას მოჰყვება სურსათი, ალკოჰოლი და თამბაქო 2.6%-იანი მაჩვენებლით, სადაც განსაკუთრებული მატება დაუმუშავებელ საკვებ პროდუქტებზე შეინიშნება. ამ შემთხვევაში ინფლაცია 4.6%-მდეა გაზრდილი. არასამრეწველო ენერგეტიკულ საქონელზე ინფლაციამ 0.7% შეადგინა, ხოლო ენერგიის ფასებმა კლება განაგრძო -3.2%-ი შეადგინა. თუმცა ეს შედეგი იანვრის მაჩვენებელთან შედარებით მაინც ნაკლებად მკვეთრ ვარდნაზე მიუთითებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროზონის წევრი ქვეყნების ჭრილში მონაცემები არაერთგვაროვანია: ყველაზე დაბალი ინფლაცია კვიპროსში (0.9%), იტალიასა (1.6%) და გერმანიაში (2.0%) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სლოვაკეთსა (4.0%) და ხორვატიაში (3.9%) შენარჩუნდა. მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა საფრანგეთის შემთხვევაში, სადაც ინფლაციამ 1.1%-ს მიაღწია. Eurostat-ის მონაცემებით, თებერვლის თვის სრული და დაზუსტებული მონაცემები 18 მარტს გამოქვეყნდება.




























