მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროზონის ინფლაციამ 2.5%-ს მიაღწია და ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა

ევროზონა

Eurostat-ის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ ევროზონაში წლიური ინფლაცია მარტში 2.5%-მდე გაიზარდა.

თებერვალში დაფიქსირებული 1.9%-იანი მაჩვენებლის შემდეგ, ფასების ზრდამ ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიერ დადგენილ 2%-იან სამიზნე ნიშნულს გადააჭარბა. აღნიშნული ნახტომი ძირითადად ენერგორესურსების გაძვირებით არის განპირობებული, რაც თებერვლის ბოლოს ირანში დაწყებული სამხედრო მოქმედებების პირდაპირი შედეგია.

ეკონომისტების პროგნოზით, ინფლაცია 2.6%-ს უნდა მიახლოებოდა, თუმცა რეალური მაჩვენებელი მოსალოდნელზე ოდნავ დაბალი აღმოჩნდა.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ ბანკი ყურადღებით აკვირდება რეგიონულ მონაცემებს და საჭიროების შემთხვევაში პრობლემებს საპროცენტო განაკვეთების გაზრდით უპასუხებს, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ფასების ამჟამინდელი მატება ხანმოკლე. მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ ECB-მ უკვე გადახედა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და ის 0.9%-მდე დააქვეითა. ცენტრალური ბანკი წლიურ საშუალო ინფლაციას 2.6%-ის ფარგლებში ელოდება.

შეგახსენებთ, რომ გლობალური ენერგეტიკული კრიზისი ჰორმუზის სრუტის თითქმის სრულმა ჩაკეტვამ გამოიწვია, საიდანაც მსოფლიო ნავთობისა და გაზის ექსპორტის მეხუთედი გადის. აღსანიშნავია, რომ ევროპა მსგავსი ენერგეტიკული შოკების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე მის ერთ-ერთ მთავარ ალტერნატივად სწორედ ახლო აღმოსავლეთი იქცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები