მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. მწვანე ქვეყნების ქარავანს ჩამოვრჩით - კახა სამყურაშვილი

616eeaec44d3e
მარიამ ადამია
19.10.21 20:30
566
Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის, კახა სამყურაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ტურისტი დავაინტერესოთ და ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდეს, მნიშვნელოვანია გვყავდეს რაც შეიძლება მეტი აცრილი მოქალაქე. მისივე განცხადებით, დღეს ეს არის მთავარი საზომი მოგზაურებისთვის შვებულების დაგეგმვამდე.

„ჩვენი თავი რომ წარმოვიდგინოთ ტურისტებად, თუ სხვადასხვა ქვეყანაში ინფიცირებულთა 5 000-6 000 შემთხვევას ითვლიან დღეში და ვიგებთ რომ საავადმყოფოებში ადგილები არ არის, გვიჩნდება შიში და ამ შიშს ტურისტს ვერაფერი ვერ დაუკომპენსირებს. ამიტომაც საქართველოში ტურისტები არ ჩამოვლენ, თუკი ეპიდვითარება არ დასტაბილურდა. ამ კუთხით მწვანე ქვეყნების ქარავანს უკვე ჩამოვრჩით, რადგან ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიმკვიდრა თავი ბაზარზე როგორც უსაფრთხო ქვეყანამ, ჩვენ კი ვერ,“ - განაცხადა კახა სამყურაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“.

მისი შეფასებით, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა წელს, 2019 წლის დაახლოებით 40%-ს შეადგენს, რაც მისივე თქმით, კარგი ტენდენციაა.

„ბოლო თვეების სტატისტიკა პოზიტიურია, რასაც ხელი შეუწყო საზღვარგარეთ შეზღუდულმა მოგზაურობამ, რამაც წაახალისა და დაეხმარა შიდა ტურიზმს, რადგან ადამიანებს როდესაც აღარ ჰქონდათ წასასვლელი უცხო ქვეყანაში, მოგზაურობდნენ სამშობლოში. შესაბამისად, დაახლოებით 1.5-2-ჯერაც კი გაიზარდა ადგილობრივების დანახარჯები სასტუმროებსა და სხვა ტურისტულ დაწესებულებებში. თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენთან შიდა ტურიზმის წილი მაინც დაბალია,“ - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ შიდა ტურიზმი საქართველოში აღიქმება მხოლოდ დასვენებასთან, როდესაც სხვა ქვეყნებში ეს მიმართულება ბიზნეს-ტურიზმთან ასოცირდება.

„ამის პირველი მიზეზი ისაა, რომ ჩვენთან უმეტესობა ნათესავთან რჩება და მეორე მიზეზია ეკონომიკა, რომელიც ფაქტობრივად სრულად, თბილისში გვაქვს მოქცეული, ამიტომ შიდა შრომითი მიგრაციის საჭიროება არ დგას, რომ ამან მოთხოვნა შექმნას. შესაბამისად შიდა ტურიზმი ვერ ქმნის იმის ნახევარ მოთხოვნასაც კი, რასაც საერთაშორისო ტურიზმი, მითუმეტეს თბილისში,“ - ამბობს სამყურაშვილი.