მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისი/ვისი დამსახურებაა $3,3 მილიარდი საერთშორისო მოგზაურობიდან? - ანალიზი

galt and taggart

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსის კახა სამყურაშვილის შეფასებით, ინფლაციური ფაქტორი და ტურისტული ვიზიტების აღდგენის ტემპი არის ორი მთავარი მიზეზი, რატომაც მიმდინარე წლის ცხრა თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმა 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა.

ასე უპასუხა კახა სამყურაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - „იმის გათვალისწინებით, რომ ვიზიტორების და ტურისტების რაოდენობა ჯერაც არ დაბრუნებია პანდემიამდელ მაჩვენებელს და არც იმ ქვეყნების გეოგრაფია შეცვლილა დიდად, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები ჩამოდიან, რითი აიხსნება $3,3 მილიარდის შემოსავალი, რომელიც 2019 წლის ნიშნულს $700 მილიონით აღემატება“?

საქმე ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის გუნდი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების აღდგენას სწორი გეგმით და ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგიით ხსნიან.

„როგორ გადააჭარბა საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს? - მივყვეთ ფაქტორებს: 1. ტურისტების რაოდენობა მეტად აღდგა, დაახლოებით, 92%-ით, ვიდრე - ერთდღიანი ვიზიტორების; ტურისტები კი, როგორც ვიცით, უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე - ვიზიტორები. 2. ინფლაციური ფაქტორი - ჩვენ ვედრებით პანდემიამდელ 2019 წელს, საიდანაც უკვე მეოთხე წელი გადის და 2019 წელთან შედარებით, ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ სასაქონლო ჯგუფებზე, რაშიც ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ ტურისტები - კვება, რესტორანი, სასტუმრო - ფასები 30-35%-ით არის გაზრდილი. ეს ფაქტორიც უკვე ბევრს ნიშნავს“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტების გეოგრაფიის ფაქტორს ანუ უფრო მსყიდველუნარიანი ქვეყნებიდან ხომ არ სტუმრობენ საქართველოს, Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი ამბობს და აღნიშნულს სებ-ის სტატისტიკაც ადასტურებს, რომ საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების მიღების წყარო რადიკალურად არ შეცვლილა და ძირითადად, ისევ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეების დანახარჯები ლიდერობს.

რამდენად სწორად ითვლის ეროვნული ბანკი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებს? – კახა სამყურაშვილს სებ-ის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ის დანახარჯებს ითვლის, სწორია. „უბრალოდ გარემოებებია ისეთ, რომელიც ართულებს ვინ ტურისტია და ვინ - არა. უბრალოდ, სხვა უკეთესი გზა არ არსებობს“, - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ სებ-ი, სავალუტო ფონდის მეთდოლოგიის თანახმად, განსხვავებულად ითვლის რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეების დანახარჯებს. კერძოდ, თუ საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი მოიცავს საქართველოში არარეზიდენტების დანახარჯებს, სებ-მა ჩათვალა, რომ 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების - 42.5%, ბელორუსის მოქალაქეების - 45.1% და უკრაინის მოქალაქეების 30.1% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფნი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, შესაბამისად, ისინი უკვე არიან საქართველოს რეზიდენტები და მათი დანახარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების სტატისტიკაში.

საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზიტები პანდემიამდელ ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა - რატომ? „წერტილთან“ ინტერვიუში საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა აღნიშნულის ერთ-ერთ ფაქტორად აზერბაიჯანთან ჩაკეტილი საზღვარი დაასახელა.

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვიზიტორების აღდგენა ბოლომდე არაა დასრულებული, პანდემიიდან მოყოლებული, ამ დრომდე აზერბაიჯანთან ჩაკეტილი საზღვარია, რაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ერთდღიანი ვიზტორების, ისე ტურისტების ჭრილში. აზერბაიჯანის საზღვარი რომ გახსნილი იყოს, 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აღდგებოდა“, - თქვა ანალიტიკოსმა.

Civil.ge-ის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2024 წლამდე დაკეტილი რჩება.

„ობიექტურად უნდა შევხედოთ იმ გარემოებებს, რატომაც ვერ აღდგა ტურიზმი. ობიექტური გარემოებაა ის, რომ 2020 წლიდან მოყოლებული კრიზისს კრიზისი მოსდევს - პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი, ომი ისრაელში და ტურიზმის სექტორი ყველაზე მოწყვლადია არასტაბილურობის დროს“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები