ქარელში მდებარე ეზოს დეკორაციების მწარმოებელმა საოჯახო ბიზნესმა "ავლინი" ახალი დანადგარის შესაძენად, 15 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა, - ამის შესახებ BM.GE-სთან, კომპანიის თანადამფუძნებელმა, თეონა სულაშვილმა ისაუბრა.
ეზოს დეკორაციების მწარმოებელი საოჯახო ბიზნესის თანადამფუძნებელი, თეონა სულაშვილი BM.GE-სთან მიმდინარე წლის პროექტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელს, მათ წარმოებას ახალი დანადგარი დაემატება, რომელიც რეგიონში ერთადერთი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესი 2018 წელს დაფუძნდა და მომხმარებლებს ეზოს სხვადასხვა ტიპის აქსესუარს, კერძოდ ნაგვის ურნებს, სკამებსა თუ სხვა ატრიბუტებს სთავაზობს. კომპანიამ ბაზარზე ოპერირება ძაღლის სახლების წარმოებით დაიწყო. დაინტერესების მაღალმა მაჩვენებელმა კი, ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაც განაპირობა.
სულაშვილის ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ონლაინ ხდება, თუმცა ასევე მაღაზიებშიც არის განთავსებული.
„ეს არის საოჯახო ბიზნესი. მე ვმუშაობ ხეზე, მეუღლე კი რკინაზე. თუმცა, როდესაც დიდი რაოდენობის შეკვეთები გვაქვს, ამ შემთხვევაში პერიოდულად ორ-სამ ადამიანს ვიმატებთ ხოლმე.
რეალიზაცია ძირითადად ონლაინ ხდება, თუმცა მაღაზიებშიც გვაქვს განთავსებული. უკვე გვყავს მუდმივი მომხმარებლებიც, შესაბამისად, მომართვიანობა გვაქვს და შეკვეთების დეფიციტს არ ვუჩივით. კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც სკვერების მოწყობით არიან დაკავებული. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი სარეალიზაციო არხი მაინც სოციალური ქსელია.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქარელში ვართ, ჩვენი პროდუქციის ღირებულება დედაქალაქის ფასებისგან განსხვავებულია, ანუ უფრო ნაკლებ ფასად ვყიდით. შესაბამისად, მათთვის, ვისაც ჩვენთვის მოუგნია, დაბალი ფასების გამო, სხვაგან აღარ წასულა.
ახლახან RDYE-ის კონკურსში გავიმარჯვეთ. რითაც თერმული ღებვის დანადგარი შევიძინეთ. ის მთელ რაიონში ერთადერთი იქნება, რომელშიც დაახლოებით 15000 დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ამით შეეძლებათ, რომ რაიონში არსებულ რკინის საწარმოებს მოემსახურონ, რაც რეგიონში ამ დრომდე არ არსებობს“,- განაცხადა სულაშვილმა.
მისივე ცნობით, კომპანია როგორც ადგილობრივ, ასევე იმპორტირებულ ნედლეულს, რუსეთიდან და უკრაინიდან იყენებს.
გარდა ამისა, სამომავლო პერსპექტივაში ეზოს მცენარეების წარმომადგენლებთან კოლაბორაციას და მაღაზიის ტიპის სივრცის გაკეთებას გეგმავენ, სადაც მომხმარებელს როგორც ეზოს აქსესუარების, ასევე თავად მცენარეების შეძენაც შეეძლება.
ინფორმაციისთვის, „ავლინი“ ძველ ქართულად ეზოს ნიშნავს.