ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Meta, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალური მედიის პლატფორმა Facebook-ს ფლობს, საკუთარ სისტემაში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც Facebook გვერდებსა და პროფესიონალურ ანგარიშებს ბმულების შეუზღუდავი გაზიარებისთვის თანხის, საშუალოდ, 14 დოლარის გადახდა მოუწევთ.
ცვლილება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სატესტო რეჟიმში უკვე გაეშვა და მიზნად იმის დადგენას ისახავს, თუ რა გავლენა აქვს ბმულების რაოდენობას მომხმარებლების ჩართულობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, შეუძლია თუ არა გვერდს მომხმარებლის ყურადღების მოზიდვა ბმულების გაზიარების გარეშეც. თუმცა არგუმენტი არადამაჯერებელია სოციალური მედიის ექსპერტის, მეთ ნავარასთვის, რომელიც BBC-სთან საუბრისას ამბობს, რომ მარკ ცუკერბერგის კომპანიის რეალური მიზანი დამატებითი შემოსავლის მიღებაა. როგორც ნავარა აღნიშნავს, Facebook-ში კარგად ხვდებიან, თუ რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისი ბიზნესების განვითარებისთვის. ამიტომ აწესებენ გადასახადს, რაც კომპანიას დამატებით სარგებელს მოუტანს.
Facebook-ის მფლობელ კომპანიაში განმარტავენ, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლების ჩართულობის 98%-ს არა ბმულების გაზიარებით მიღებული პოსტები, არამედ ორიგინალური ფოტო-ვიდეო მასალები ქმნის, შესაბამისად, Facebook გვერდებისთვის ე.წ. ლინკების გაზიარების შეზღუდვა საგრძნობ გავლენას არ იქონიებს. ვისაც სერვისი გამოწერილი არ ექნება, მას თვეში მხოლოდ 2 ბმულის გამოყენების შესაძლებლობა ექნება.
Meta-ში ცვლილების აუცილებლობის კიდევ ერთ არგუმენტზე საუბრობენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეზღუდვის დაწესება გავლენას იქონიებს ე.წ. ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და საშიში ბმულების გამოქვეყნებაზე, რადგან არაკეთილსინდისიერი განზრახვის მქონე პირები გვერდების მსგავსი მიზნით გახსნისაგან თავს შეიკავებენ. მათ ეცოდინებათ, რომ დიდი რაოდენობის საფრთხის შემცველი ბმულების გაზიარებისთვის საკუთარი საბანკო ბარათისა და სხვა პერსონალური მონაცემების მითითება მოუწევთ, რაც ბოროტმოქმედებს შეაკავებს.




























