მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანადა 14 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს

ბავშვები ტელეფონებს შესცქერიან

ავსტრალიის, სამხრეთ კორეისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვის ინიციატივით კანადის ხელისუფლებაც გამოდის. როგორც ქვეყნის კულტურის მინისტრმა, მარკ მილერმა განაცხადა, დაწყებულია მუშაობა დაბლოკვის ისეთი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც სოციალურ პლატფორმებს 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სრულად ხელმიუწვდომელს გახდის. ამ მხრივ, ოფიციალური ოტავა ავსტრალიის მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობს.

სწორედ ავსტრალიაა პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც მოზარდებისთვის არამარტო სოციალურ ქსელებზე, არამედ რიგ პლატფორმებზე წვდომაც შეზღუდა და ეს შეზღუდვა 4 მილიონზე მეტ ბავშვს უკვე შეეხო.

როგორც კანადის კულტურის მინისტრი აცხადებს, ინიციატივის მიზანი არასრულწლოვნების ისეთი მასალებისაგან დაცვაა, რომელთაგან მომავალ საფრთხესაც ისინი შეიძლება ვერ აცნობიერებდნენ. მილერი აღნიშნავს, რომ ახალი რეგულაციები მოზარდთა დაცვის შესახებ არსებულ კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში უნდა იყოს და შეეხოს ყველა იმ პლატფორმას, რომელთა კონტროლიც სახელმწიფო დონეზე ვერ ხერხდება და რომლებზეც ბავშვები განსაკუთრებით დიდ დროს ატარებენ. კულტურის მინისტრს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ იდეას პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერა აქვს, შესაბამისად, მისი დამტკიცება გამოწვევა არ იქნება.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვნებისთვის სოციალურ მედიაზე შეზღუდვების დაწესების საკითხი ადგილობრივ პარლამენტში უკვე წლებია განიხილება. რეგულაციების შემოღების ბოლო მსგავსი მცდელობა 2021 წელს იყო, როცა მოქმედმა ლიბერალურმა პარტიამ ექსპრემიერ ჯასტინ ტრიუდოს მმართველობისას კანონის დამტკიცება სცადა, თუმცა საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. სავარაუდოა, რომ კარნის კაბინეტში ინიციატივის წარმატებით გატანაში დარწმუნებულები არიან.

ოფიციალური ოტავას დაანონსებულ ცვლილებებს უკვე გამოეხმაურნენ ტექნოლოგიურ კომპანიებში. მარკ ცუკერბერგის კომპანია Meta-მ, რომელიც Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს ფლობს, ხელისუფლებას ურჩია, შეზღუდვების დაწესების სხვა გზებს მიმართონ და თავი შეიკავონ ერთიანი აკრძალვის შემოღებისგან. Meta-ში პირობას დებენ, რომ თუ მათ თხოვნას გაითვალისწინებენ, კომპანიის სოციალურ პლატფორმებზე რეგისტრაციისა და შესვლის პროცესები გამკაცრდება და დაინერგება ისეთი მეთოდი, რომლითაც ყველა მოზარდს მშობლის ოფიციალური თანხმობა დასჭირდება. ოფიციალურ ოტავას Meta-ს ინიციატივასთან დაკავშირებით საპასუხო განცხადება ჯერ არ გამოუქვეყნებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები