მიმდინარე დიდთოვლობისა და სტიქიური მოვლენების გამო, დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მოხალისეების Facebook ჯგუფი "მოხალისეები გურიისთვის" შეიქმნა. ამის შესახებ ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლუკა ტუღუშმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ჯგუფმა ობიექტების მობილიზება უზრუნველყო, სადაც გარკვეული პროდუქტებისა და მედიკამენტების შეგროვება ხდება, შემდეგ კი ეს პროდუქტები გურიისკენ იგზავნება. ტუღუშის თქმით, ასეთი ობიექტები, თბილისში ძირითადად კარფურის ტერიტორიაზეა. საიდანაც ობიექტები გურიის რამდენიმე რეგიონალურ შტაბში იკრიბება და სოფლებში ნაწილდება.
„თბილისიდან კონკრეტული ლოკაციები გვეხმიანებიან, სადაც სხვადასხვა პროდუქტებს და ნივთებს ტოვებენ, რომლებსაც გურიაში გამსვლელ მანქანას ატანენ. ასეთი ობიექტი ძალიან ბევრია. თუმცა, ძირითადი ტერიტორიაა კარფურის ტერიტორია. ამავდროულად, მობილიზებულია ლანჩხუთის რეგიონში შტაბი, სადაც ეს პროდუქტები მიაქვთ და სოფლებში ნაწილდება. იგივენაირად ოზურგეთშიც, ასევე ჩოხატაურშიც. საკითხები გადავანაწილეთ ისე, რომ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე შეიკრიბოს კონკრეტული საჭიროებები, რაც არის. ამავდროულად, გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც მუდამ გზაში არიან და თუ ისე მოხდა, რომ კონკრეტული საშუალებები ბევრი ჰქონდათ, ერთმანეთს სხვა რეგიონებში ვაწვდით”, - ამბობს ლუკა ტუღუში.
მისი თქმით, ამ დროისთვის გზების ნაწილის გაწმენდა კვლავ მოუგვარებელი პრობლემაა. ამასთან, პრობლემაა სახლების დათოვლის საკითხი, თოვლის სიუხვის გამო. შესაბამისად, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დათოვლაში დახმარებას ითხოვს. სხვა შემთხვევაში, სახლების დაზიანების საშიშროება დგას.