მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Fair Tree Funds-ის ხელმძღვანელის ინტერესი მხოლოდ რაჭული გირჩია" - პაპუაშვილის პასუხი ორგანიზაციას

ონი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა გადაწყვეტილება, არ დარეგისტრირდნენ უცხო ძალის გავლენის გამტარებელთა რეესტრში და შეაჩერონ ქვეყანაში მიმდინარე ან მომავალი პროექტები, ადასტურებს, რომ მათ პროექტებს სოციალური დატვირთვის ნაცვლად, პოლიტიკური მიზნები ჰქონდათ, - ამის შესახებ პაპუაშვილმა იმ განცხადების შეფასებისას ისაუბრა, რომლის თანახმადაც კანონის მიღების შემდეგ ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას საფრთხე შეიძლება დაემუქროს.

“იყო დისკუსია, რომ “გასაგებია, შეიძლება იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკაში ერევიან, მაგრამ რას ერჩით იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც სოციალური პროექტები აქვთო”. მაგალითებმა დაგვანახვეს, რომ სოციალური პროექტები სულაც არ არის სოციალური, ისინი პოლიტიკური პროექტებია და მათში შიგნით პოლიტიკური აზრია ჩადებული.

მანამდე ონში, სტომატოლოგიურ კაბინეტთან დაკავშირებით განცხადება, საერთოდ პარადოქსი იყო. დანიური ორგანიზაციის, “ფეარ თრი” თუ რაღაცა ჰქვია, დანიელი ხელმძღვანელი, ქალბატონი ბოლსი შეწუხდა, რომ ის დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებელი. დანიელი შეწუხდა, რომ ის არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ Fair Tree Funds-ის ხელმძღვანელის, მარიანე ბოლსის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ინტერესი მხოლოდ რაჭული გირჩია და ონის მუნიციპალიტეტს სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობაში NGO-ების “შეხიდება” არ სჭირდებოდა.

“არ ვიცი, თავი ძირძველი რაჭველი ჰგონია თუ არა ამ ადამიანს, მაგრამ ერთი რამ ვიცი: ის რაჭის ხარჯზე კარგ ბიზნესს აკეთებს გირჩის თესლებთან დაკავშირებით; კარგია, თუ ის სოციალური საკითხებითაცაა დაინტერესებული, მაგრამ მათმა განცხადებამ აჩვენა ერთი რამ: მას სულ არ აინტერესებს არც რაჭველი ბავშვი და არც რაჭველი ბავშვის კბილები. ერთადერთი, რაც აინტერესებს, არის საკუთარი თავი და ის გირჩები და თესლი, რაც რაჭიდან გააქვს.

განცხადება, რაც ჩვენ ვიხილეთ, აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. ონის მუნიციპალიტეტს არანაირი შეხიდება არ სჭირდება ასეთი ორგანიზაციებისგან. მაგრამ რადგან იყო ინტერესი და არსებობს რაჭაში ასეთი ბიზნესი, შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გააკეთებდნენ. ონის მუნიციპალიტეტმა გააკეთა ყველაფერი, მოაწყო კაბინეტი, აღჭურვა ის, ყველაფერი… ერთადერთი, რაც მათი მხრიდან უნდა ყოფილიყო, ექიმის, სტომატოლოგის ხელფასია”, - ამბობს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, NGO-ებმა ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები სპეკულაციის თემად აქციეს, რაც მათთვის მიუღებელია, რის გამოც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ასეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობის კონტროლს.

“ამორალურია, როდესაც ბავშვების ჯანმრთელობით სპეკულირებენ NGO-ები. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ, და ამაზე გუშინ ჯანდაცვის მინისტრსაც ჰქონდა საუბარი, გადახედოს ყველა ამ პროექტს, სადაც ასეთი სპეკულაციის მოყვარული NGO-ები არიან, რომლებსაც ერთადერთი რამ აინტერესებთ: გრანტები რამენაირად მიიღონ და ხარჯონ და ხელფასები ჰქონდეთ - რა თქმა უნდა, ასეთ პარტნიორობას სახელმწიფო უნდა დააკვირდეს.

სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ბავშვებზე და აქ ვინმეს დაყვედრება, დამადლება და საჯარო განცხადებებით სპეკულირება მიუღებელია. თუ ვინმეს არ უღირს დარეგისტრირება იმ რეესტრში, დაიხუროს ქუდი და წავიდეს, სახელმწიფო მიხედავს ყველა ასეთ საკითხს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

29 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია "ფონდი ფეა თრიიზ"-მა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით, თანამშრომლობას წყვეტს. ორგანიზაციის დამფუძნებელმა წერილით მიმართა ქალაქ ონის მერს და განუმარტა, რომ “ორგანიზაცია, დაარსების დღიდან, ახორციელებს სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც მიმართულია რაჭის მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებისკენ”, რის გამოც მათ უცხოური ინტერესების მატარებელთა რეესტრში დარეგისტრირება არ სურდათ. ფონდმა უარი თქვა სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე.

საპასუხოდ ონის მერიამაც გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის უფასო სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნას იგი სრულად დააფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები