თურქეთმა და აზერბაიჯანმა ტრადიციული ტკბილეულის, ფახლავას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მისაღებად UNESCO-ში ერთობლივი განაცხადი წარადგინეს. როგორც ირკვევა, დოკუმენტში დესერტი ორივე გავრცელებული სახელით "ბაქლავათი" და "ფახლავათია" აღნიშნული და ის მოხსენიებულია, როგორც ქვეყნების საერთო კულინარიული ტრადიციების ნაწილი. წარდგენილ განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილებას UNESCO-ს კომიტეტი 30 ნოემბრიდან 5 დეკემბრის შუალედში, ჩინეთის ქალაქ სიამენში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებს.
ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული ტკბილეული თურქეთისა და აზერბაიჯანის საერთო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ოფიციალურად აღიარდება.
საყურადღებოა, რომ ტკბილეულის კულტურულ კუთვნილებასთან დაკავშირებით მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. კერძოდ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარალელურად დესერტის წარმომავლობაზე პრეტენზიას საბერძნეთიც აცხადებს. როგორც ცნობილია, თურქეთი და საბერძნეთი ამ საკითხის გარშემო უკვე მრავალი წელია ოფიციალურადაც დაობენ. ბერძნული მხარე ამტკიცებს, რომ თხელი ცომით, თაფლითა და ნიგვზით მომზადებული დესერტი ბიზანტიის ეპოქაში შეიქმნა. თურქული მხარის აზრით კი, ფახლავამ თანამედროვე სახე ოსმალეთის იმპერიის სასახლის სამზარეულოში მიიღო. სულთან მეჰმედ მეორის პერიოდში ის საზეიმო რიტუალების ნაწილი გახდა და რამადანის თვეში იანიჩარებს, ანუ ოსმალ ჯარისკაცებს ურიგდებოდათ.




























