მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფანტაზიებისა და სარისკო რეალობის ნაჯვარი" - რომან გოცირიძე მთავრობის დღევანდელ განცხადებებზე

გიორგი გოცირიძე

ეკონომისტი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ხელისუფლების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას არაბული ინვესტიციის პროექტზე მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „მდგომარეობა იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ჩანდა“. მისი თქმით, ხელისუფლება პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს ასაიდუმლოებს და არც საჯარო განხილვას გეგმავს.

გოცირიძე ყურადღებას ამახვილებს "ოცნების" პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებაში გაჟღერებულ საცხოვრებელი ერთეულების რაოდენობაზე:

მისი ინფორმაციით, 16 ათასი საცხოვრებელი სახლისა და ბინის აშენება იგეგმება, რაც, თუნდაც თითო ობიექტზე ორი ადამიანის გათვალისწინებით, 32 ათას ახალ მაცხოვრებელს ნიშნავს - „ეს ხაშურის, სამტრედიის ან სენაკის მოსახლეობას აღემატება“.

გოცირიძის თქმით, არაბი ინვესტორის ნათქვამიდან გამომდინარე, 20 ათასი მოქალაქე უცხოელი იქნება.

ეკონომისტი ამბობს, რომ ფინანსური პროგნოზები გაბერილია და ვადები უცნობია.

"რა გავიგეთ არაბული პროექტის შესახებ კობახიძის დღევანდელი განცხადებებიდან, რომელიც საიდუმლოა და არც აპირებენ გასაჯაროებას? მდგომარეობა იმაზე უარესი ყოფილა, ვიდრე თავიდან გვეგონა.

აშენდებაო 16 ათასი საცხოვრებელი სახლი ან ბინა. თითოში ორი ადამიანიც რომ ვიგულისხმოთ, ეს უკვე 32 ათასია. ეს არის ხაშურის, სამტრედიის ან სენაკის მოსახლეობაზე მეტი. აქედან, თუ არაბი ინვესტორის განცხადებიდან ვიმსჯელებთ, 20 ათასი იქნება უცხოელი.

რიცხვები, რაც კობახიძემ მოიყვანა ფინანსური შემოსავლებისა და დასაქმების შესახებ, არის გაბერილი. არ ამბობენ, რამდენ წელიწადზეა გათვლილი ეს პროექტი. ეს პროექტი წარმოადგენს სულ მცირე ოცდაათწლიან დაუმთავრებელ სამშენებლო პოლიგონს. ამ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს სერბეთში მიმდინარე სამუშაოებთან მისი შედარება:

ბელგრადში ხდება 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციების განხორციელება, მშენებლობის ხანგრძლივობაა 30 წელიწადი, პროექტის ნახევარი მაინც უნდა დამთავრდეს 20 წლის განმავლობაში, მშენებლობა უკვე მიმდინარეობს 10 წლის განმავლობაში, თანაც დიდი ჩამორჩენით. გამოყოფილი მიწის ფართობია 175 ჰექტარი.

თბილისში და ბათუმში ბელგრადთან შედარებით თითქმის ორჯეტ მეტი, 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, გამოყოფილი მიწის ფართობი არის ხუთჯერ მეტი, 850 ჰექტარი, თანაც ზღვის სანაპირო და ტყე-პარკი, ასაშენებელი ბინების და სხვა ობიექტების ფართობი არის რამდენჯერმე მეტი ბელგრადთან შედარებით. მშენებლობის რა პერიოდში რა მოცულობის ინვესტიცია უნდა იქნეს ათვისებული, არავინ ამბობს. ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის რისკებს.

ფაქტობრივად, რამდენიმე ათეული წელიწადი ეს ტერიტორია გამოუყენებელი იქნება სხვა მიზნით და სხვა ინვესტორებისათვის. ეს, პირველ რიგში ეხება გონიოს. თბილისში, იმ ტერიტორიაზე სატელიტი ქალაქის მშენებლობა დაუშვებელია ეკოლოგიური და მრავალი სხვა მოსაზრებით.

ნამახვანისა და “ინტერრაოს” საიდუმლო ხელშეკრულებებმა 500 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობით აზარალა ქვეყანა და სულ მალე მოგვიწევს მისი გადახდა ბიუჯეტიდან. ეს თანხა ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის ტოლფასია.

რატომ არ დაიქირავა მთავრობამ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ამ ხელშეკრულების მომზადების დროს? სად არის როტშილდების კომპანია, რომელიც ამ მიზნით იყო დაქირავებული? წაიღო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი და გაქრა ისე, რომ აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია, ერთი ფურცელიც კი არ იძებნება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. როგორც ჩანს, როტშილდებიც კორუფციული სქემებში ჰყავდათ ჩართული. ფული უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ( ღარიბაშვილის) სარეზერვო ფონდიდან იქნა გადახდილი. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა პარლამენტიდან, ინფორმაცია არასდროს მოუწოდებიათ ამ ათი მილიონი ლარის ხარჯვის შესახებ.

არაბული პროექტი არის ფანტაზიებისა და სარისკო რეალობის ნაჯვარი. ეს არ არის ინვესტიციები ტექნოლოგიებში, წარმოებაში ან თუნდაც ტურიზმში. ეს არის ბინათმშენებლობა, რომელიც არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხოელთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება “სოლნეჩნაია გრუზიაში”.

არაბული სახელმწიფო ფონდი რომ არ შემოდის არც პირდაპირ და არც შვილობილი კომპანიის სახით და რომ რომ ეს თავიდანვე ბლეფი იყო, ამას უკვე ყველა მიხვდა", - წერს გოცირიძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მთავრობამ EAGLE HILLS-თან გაფორმებული „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების სექტორში $6.6-მილიარდიანი პროექტის ინვესტორთან დადებული საინვესტიციო პირობების დეტალები საჯარო არ იქნება.

როგორც მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანიებს: „EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ს“, „JAONA INVESTMENT LLC-ს“, შპს იგლ ჰილს საქართველოსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ მოიწონა.

კერძოდ, მთავრობის 2025 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებულ განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27/2 მუხლის შესაბამისად, „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“, ასევე მათი თანმხლები დოკუმენტაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კომერციული საიდუმლოებაა „ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები