მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფაქტია, ჩვენი ტურისტული ნაკადები ძალიან უინტერესო და ერთფეროვანი გახდა“ - wOnderLAND

დოჭვირი

„ფაქტი ისაა, რომ ჩვენი ტურისტული ნაკადები ძალიან უინტერესო და ერთფეროვანი გახდა“, - ამის შესახებ BMGVT-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ - wOnderLAND-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ქეთი დოჭვირმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ტურისტებზე გათვლილი არსებული კამპანია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებზეა გათვლილი, არ მუშაობს. იმის ნაცვლად, რომ საქართველო მრავალფეროვანი ტურისტული ნაკადებით იყოს დატვირთული, ქვეყანა ძირითადად მეზობელ ქვეყნებს მასპინძლობს.

„ერთია, რაზე აქვს საქართველოს კამპანია გათვლილი, თუ ვინ უნდა, რომ ჩამოვიდეს ქვეყანაში და მეორე არის, თუ ვინ ჩამოდის რეალურად საქართველოში. ჩემი აზრით, თუ ბათუმის მაგალითით ვიმსჯელებთ, წელს ამ მხრივ ძალიან დიდი განსხვავებაა. ფაქტია, კამპანია, გათვლილი გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებზე, თუმცა სტუმრები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან. ბათუმში რასაც ვუყურებ, ძირითადად ტურისტების ძალიან დიდი ნაწილი არის რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, თურქეთიდან. ასევე, დაემატა ყაზახეთი და უკვე არის ძალიან დიდი ნაკლებობა ევროპელი ტურისტების.

ვერ ვიტყვი, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამას სავარაუდოდ სერიოზული კვლევები სჭირდება და სერიოზული ცვლილებები, თვითონ ჩვენს სტრატეგიებში. ჩვენმა კომპანიამ თავად მივიღეთ სხვადასხვა ზომები და გავედით ახალ ბაზრებზე, რომელიც საქართველოში პოპულარული არ იყო. შესაბამისად, ვფიქრობ რომ თუ ბაზრების ცვლილებას დავიწყებთ, შესაძლებელია ახალი ნაკადები წამოვიდეს კერძოდ აზიის ქვეყნებიდან, სადაც დიდი პოტენციალი გვაქვს.

აღნიშნული ტურისტები, ძირითადად საშუალო და მაღალ მხარჯველუნარიანები არიან, რომლებიც საქართველოში ან კავკასიის რეგიონში მოგზაურობენ. ეს ქვეყნები არის ტაილანდი, მალდივები, მალაიზია, ინდონეზია, ფილიპინები და ვიეტნამი. ეს არის ქვეყნები, სადაც საკმაოდ დიდი ხნის სამუშაოები ჩავატარეთ. დიდი ინვესტიციებიც ჩავდეთ და ახლა დიდი რაოდენობით ვიღებთ ჯგუფებს, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ეს იყო ქვეყნები, სადაც კონტაქტზე პირველები გავედით და უკვე ჩვენი ინვესტიციების შედეგებსაც ვიმკით“,- აცხადებს დოჭვირი.

მისი ინფორმაციით, ტურისტებში დიდი პოპულარობით კულტურულ-ისტორიული ტურები, ან კომბინირებული, კერძოდ რამდენიმე ქვეყნის გაერთიანებული ტურის სარგებლობს.

„განსაკუთრებით დიდი პოპულარულობით სარგებლობს კულტურულ ისტორიული ტურები ან კომბინირებულად, საქართველო - სომხეთი - აზერბაიჯანის ტურები, რადგან საკმაოდ დიდი ფრენა უწევთ იმისათვის, რომ ერთი კვირით ჩამოვიდნენ. შესაბამისად, თუ ტური არის საქართველოში, ვცდილობთ, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონი ნახონ, რომ გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ. რაც მთავარია, მათი მხარჯველუნარიანობა სხვა ქვეყნების ტურისტებთან შედარებით მაღალია. რაც შეეხება ბათუმს, მასაც ისეთივე ადგილი უჭირავს, როგორც მაგალითად ქუთაისს, თბილისს ან თელავს. რადგან ეს ადამიანები არ არიან ზღვაზე დასვენებით დაინტერესებული, და თუ ბათუმი შედის მათ მარშრუტში, ეს იქნება მხოლოდ ერთ -დღიანი ექსკურსია.

ძალიან უცნაური ზაფხულია. ტურისტულ ადგილებში ხალხს ვხედავთ. ამასთან, სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ნაწილი გაყოფილია, რომლებიც უკმაყოფილო არიან სეზონით. ფაქტი ისაა, რომ ჩვენი ტურისტული ნაკადები გახდა ძალიან უინტერესო და ერთფეროვანი, ერთ ენოვანი და ამ შემთხვევაში მგონია, რომ დატვირთვა გადავიდა აპარტამენტებზე, რომლებიც რეგიონში უზომოდ დიდი რაოდენობითაა. ფასებს რაც შეეხება, გაძვირებულია, რაც მაღალი მოთხოვნითაა განპირობებული. შესაბამისად ვფიქრობ, რომ შარშანდელი რეალობა წელსაც აქტუალურია. იმ მხრივ, რომ ბათუმში სამწუხაროდ იმდენად არეულია რუსულ ენოვანი ადგილობრივებისა და ტურისტები რაოდენობა, რომ ძალიან რთულია განვსაზღვროთ კვლევის გარეშე ვინ არის ტურისტი და ვინ არის აქ მცხოვრები, რომლის დანახარჯებიც არის გაცილებით ნაკლები“,- ამბობს wOnderLAND-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები