მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფაქტია, იმ მიმართულებით არ მივდივართ, რომელ ქვეყნებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ" - "ველინო"

ველინო

საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში მდებარე ბიო ღვინის მწარმოებელი მეღვინეობა „ველინოს“ დამფუძნებელი, ბექა ჯიმშელაძე 2024 წელს საბოლოო ჯამში დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მათ გაყიდვებზე ასახვა ჯერ არ ჰქონია. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი ცნობით, მართალია მოკლევადიან პერსპექტივაში პროცესებს ასახვა არ ჰქონია, თუმცა სავარაუდოა, რომ მომავალ წელს სიტუაციას გარკვეული ნეგატიური შედეგები ექნება.

„პანდემიის შემდეგ, ყველაზე აქტიური წელი 2024 წელი იყო, როგორც მეღვინეობის ისე ტურისტული კუთხითაც. შიდა პოლიტიკურ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, ამ პროცესებს ჩვენზე ასახვა ჯერჯერობით არ ჰქონია, თუმცა სამომავლოდ ვფიქრობ რომ გავლენას იქონიებს. ღვინოს ჩვენ ძირითადად ექსპორტზე ვყიდით, ხოლო ტურიზმის მიმართულებით ისედაც პასიური პერიოდია. პირდაპირი ექსპორტი გვაქვს 9 ქვეყანაში. მათ შორის კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, პოლონეთსა და ა.შ. ამ ეტაპზე, ექსპორტზე შეფერხება არ ყოფილა. არც უკუკავშირი გვქონია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. წელიწადში დაახლოებით 20 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენი პროდუქციის 60% ექსპორტზე გადის, დანარჩენი 30% ადგილზე იყიდება, ხოლო 10% რეზერვედება.

გულწრფელად არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა კი არაფერი დასტყობია ჩვენ საქმეს, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები რამდენად შეუნარჩუნებს ბიზნესს განვითარების საშუალებას, არ ვიცით. ფაქტია, რომ იმ მიმართულებით არ მივდივართ, რომელ ქვეყნებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ევროპული სანქციები ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ბიზნესებს არ შეეხება, თუ ისინი მთავრობასთან და რუსეთთან არ იქნებიან დაკავშირებული. ეს არც იქნებოდა სწორი. რატომ უნდა შემეხოს პირობითად მე და ჩემნაირ პატიოსან პატარა ბიზნესს, რომელიც რაღაც დოვლათს ქმნის ადგილობრივ ბაზარზე და ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენს საერთაშორისო ბაზარზე“, - ამბობს ბექა ჯიმშელაძე.

მეღვინეობა „ველინოს“ დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ 2025 წლისთვის დაგეგმილი სადეგუსტაციო და სარესტორნო სივრცის გახსნა 2026 წლის პირველ ნახევარში გადავადდა. მიზეზი სიახლეებია, რომელზე საუბრისგანაც მეღვინე თავს იკავებს, თუმცა დასძენს, რომ სიახლეები გაფართოებას უკავშირდება.

ინფორმაციისთვის, „ველინო“ საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და ის მომხმარებელს შვიდი სახის ბიოღვინოს სთავაზობს. მეღვინეობაში წელიწადში 20 000 ბოთლ ღვინოს ასხამენ, თუმცა „ველინო“ წარმოების გაორმაგებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები