"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით მანიპულირებას, საჯარო მოხელეებზე და სოციალურად დაუცველებზე ზეწოლასა და დაშინებას.
"ფაქტია, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, ეს არაა მხოლოდ აღქმები, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა. და ის არჩევნები ის შედეგები, რომლებიც გამოქვეყნდა, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არ მომხდარა სამწუხაროდ, გუშინ და არ მომხდარა ერთ დღეში. ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობდით, ვსაუბრობდით ფაქტებით, მტკიცებულებებით, რომელიც გადავეცით ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს, ლოკალურ საერთაშორისო მისიებს", - აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით, ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან და ყველა ინფორმაციას მიაწვდიან, რაც პარტიის წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნებზე მოიპოვეს.
"მოგიწოდებთ და გთხოვთ, ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის 24-საათიანი შრომის დრო და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად, იმის შემდეგ რაც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით გუშინ ოცნებამ ჩაიდინა, ამ ძალადობებით, რომლის ფონზეც ეს არჩევნები ჩატარდა, არასდროს ისე სუსტი ისინი არ ყოფილან, როგორიც დღეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომლებიც პირველ რიგში მიზნად დაისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვას და როგორც ასეთი, არჩევნების ინსტიტუტის დაცვას“, - თქვა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ.
ცესკოს ოფიციალური შედეგებით, 99.64% უბნების დათვლის შემდეგ გახარიას პარტიას 7.7% აქვს.