მესტიაში დაახლოებით ნახევარი წლის წინ გახსნილი საოჯახო სასტუმრო „ვანდას“ დამფუძნებელი, ვანდა იოსელიანი გადაცემა „ქალების ნარატივში“ იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელთა წინაშეც სვანეთში მოქმედი სასტუმრო ბიზნესები დგანან.
ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ის გაუმართავ გზებს ასახელებს, რის გამოც, მისი თქმით, მძღოლები ტურისტების სვანეთამდე ტრანსპორტირებისგან თავს იკავებენ. მეორე უმთავრეს პრობლემად ვანდა იოსელიანს, შიდა ტრანსპორტის არარსებობა მიაჩნია.
„ფაქტობრივად, შეუძლებელია ზამთარში ტურისტმა ჩემთან მოსვლა შეძლოს, ვინაიდან ჩემი სასტუმრო ცენტრიდან 1,5 კილომეტრშია. პრობლემაა კადრების გადაადგილებაც. ტრანსპორტის არარსებობის გამო, ადამიანები ირგვლივ სოფლებიდან მესტიამდე სამუშაოდ მოსვლას ვერ ახერხებენ“, - ამბობს საოჯახო სასტუმრო „ვანდას“ დამფუძნებელი.
გარდა ამისა, როგორც ის აღნიშნავს, სვანეთში სასტუმრო ბიზნესის დიდი კონკურენციაა. განსაკუთრებით ფასების ნაწილში. მისივე თქმით, ახალ ბიზნესებს, მათ შორის სასტუმრო „ვანდას“, რომელსაც ოპერირება ცოტა ხნის წინ აქვს დაწყებული, ფინანსური ვალდებულებების გამო, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ფასები შეამციროს. „არსებობს ხალხი, რომელთაც წლებია ეს ბიზნესი აქვთ და შესაბამისად ვალდებულებებიც ნაკლები, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ უფრო დაბალი ფასები ჰქონდეთ“, - ამბობს ის.
მისივე დაკვირვებით, მესტიაში სტუმრიანობაც შემცირებულია. თუმცა ვიზიტორთა რაოდენობა რომც გაიზარდოს, რეგიონში არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ სტუმრებმა ადეკვატური მომსახურება მიიღონ: „როგორც ვიცი, ბოლო მონაცემებით, 156 სასტუმრო-გესთჰაუსი ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ დღეში 3000-4000 ვიზიტორის განთავსება შეგვიძლია, რაც ძალიან ბევრია. მაგრამ ამდენი სტუმარი რომც მივიღოთ, მათ მომსახურებას რეგიონი ვერ შეძლებს“.
ცნობისთვის, 11-ნომრიანი საოჯახო სასტუმრო „ვანდა“ მიმდინარე წლის დასაწყისში გაიხსნა. როგორც მისი დამფუძნებელი აღნიშნავს, სტუმრების უმეტესი ნაწილი გერმანელები, ლატვიელები, რუსები, ტაილანდელები და უკრაინელები არიან. თუმცა, მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ბევრი ჯავშანი პოლიტიკური მიზეზების გამო გაუქმდა. „გერმანელებმა ჯავშნები რუსების გამო გამიუქმეს“, - აღნიშნავს ვანდა იოსელიანი.