მთავრობამ პარლამენტს ფაქტორინგის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც კანონმდებლებმა საშემოდგომო სესიაზე უნდა განიხილონ.
ფაქტორინგი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით ბანკს შეუძლია, თავისი კლიენტის დებიტორული დავალიანება იყიდოს. შედეგად კომპანიას აღნიშნული დავალიანების გაყიდვით, შემოსავლის წინმსწრებად მიღება შეეძლება. ეს ინსტრუმენტი მომავალში მისაღები კომერციული შემოსავლის წინმსწრებად დაგირავებას წარმოადგენს.
ფაქტორინგი ძირითადად ისეთ ბიზნესსაქმიანობაში გამოიყენება, როგორიცაა წარმოება, საბითუმო ვაჭრობა/დისტრიბუცია, მშენებლობა, ჯანდაცვა ან ფარმაცევტული კომპანიისა და ტრანსპორტის კომპანიების საქმიანობა, თუმცა ამ პროდუქტის გამოყენება სხვა სექტორებში მოღვაწე კომპანიებსაც შეუძლიათ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონის მიღებით ჩამოყალიბდება ფაქტორინგის განმსაზღვრელი და მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩო, რაც ნათლად დაადგენს ფაქტორინგული ტრანზაქციის განხორციელების მოსალოდნელ სამართლებრივ და ფინანსურ შედეგებს, ჩამოაყალიბებს ფაქტორინგის მხარეების და ფაქტორინგთან დაკავშირებული სუბიექტების უფლებრივი და ვალდებულებითი დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს, გააჩენს ფაქტორინგის რეესტრის შექმნის, სტრუქტურირებისა და აღნიშნული რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებულ ინსტიტუციური ფუნქციების გამანაწილებელ სამართლებრივ ჩარჩოს, რაც უზრუნველყოფს ფაქტორინგის გარიგებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების მაქსიმალურ მიტიგაციას.(ჯერ არ დამდგარი საფრთხის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების ერთობლიობა)
კანონპროექტის მიღების შედეგად, ჩამოყალიბდება ფაქტორინგის რეესტრი, რომელიც ავტომატურად დაუკავშირდება საქართველოს შემოსავლების სამსახურის სისტემაში ელექტრონული ფორმით აღრიცხულ ელექტრონულ ანგარიშფაქტურების ბაზას და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.
ფაქტორინგული კომპანიების რეგისტრაციის, ფუნქციონირებისა და ზედამხედველობის სამართლებრივი მოწესრიგების მიღებით, შესაძლებელი გახდება ახალი სუბიექტის - ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაცია. ფაქტორინგული კომპანიები დაფინანსების მსურველ სუბიექტებს ფინანსურ მომსახურებას გაუწევენ ზედამხედველობის იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებსაც ადგენს კანონპროექტი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შესაბამისობის კრიტერიუმების მიხედვით.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც ფაქტორინგ კომპანიებად დარეგისტრირების სურვილი ექნებათ, ფინანსური ვალდებულების შესრულება მოუწევთ, კონკრეტულად:
- სარეგისტრაციო მოსაკრებლის დაფარვა 10 000 ლარი;
- კომპანიას მოეთხოვება საწარმოს კაპიტალის 300,000 ლარის ოდენობით შევსება, რომელიც შენარჩუნებული უნდა იყოს საქმიანობის ყოველ ეტაპზე.
არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დებიტორულ დავალიანებას შეიძენენ ისეთი საქმიანობის ფარგლებში როგორიცაა საწარმოთა რეორგანიზაცია, შერწყმასთან ან/და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში დებიტორული დავალიანების გადაცემა. აღნიშნულ საგამონაკლისო შემთხვევებს საქართველოს ეროვნული ბანკი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგენს.