კომპანიებს ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისთვის 10,000 ლარის მოსაკრებლის გადახდა და ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის მსურველ კომპანიებს საწარმოს კაპიტალის 300,000 ლარის ოდენობით შევსება მოუწევთ, რაც შენარჩუნებული უნდა იყოს საქმიანობის ყოველ ეტაპზე. ამას ითვალისწინებს ფაქტორინგის შესახებ კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტმა დღეს დაიწყო.
ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში წარედგინა, თუმცა გასულ წელს მისი განხილვა და მიღება არ მომხდარა, რის გამოც კანონპროექტის განხილვის ვადა 2026 წლამდე გახანგრძლივდა. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, მიღებული ცვლილებები ბიზნესისთვის დაფინანსების მოზიდვის ახალი მექანიზმის შექმნას შეუწყობს ხელს.
ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შექმნას, სადაც ფაქტორები თავიანთ შეთავაზებებს განათავსებენ, ხოლო მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა პირობები შეადარონ და საუკეთესო ვარიანტი შეარჩიონ. კანონპროექტის ავტორების შეფასებით, ეს კონკურენციას გაზრდის და მომსახურების ხარისხსაც გააუმჯობესებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, რეესტრის შექმნას დაახლოებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია დასჭირდება, რომელიც საერთაშორისო დონორების გრანტებით დაფინანსდება, ხოლო რეგისტრაციის საფასური და შესაძლო სანქციები სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.
ინიციატივის ავტორების განმარტებით, ფაქტორინგი საქართველოში სპეციალური კანონით დარეგულირებული პრაქტიკულად არ იყო, რაც ფინანსურ და სამართლებრივ რისკებს ქმნიდა. მოქმედი ჩარჩოს არარსებობის გამო არ არსებობდა გარიგებების სანდოობის დადასტურების სისტემა, ზედამხედველობის მექანიზმები და ერთიანი აღრიცხვა, რის გამოც ბევრი მეწარმე ამ ინსტრუმენტს ვერ იყენებდა.
ფაქტორინგი წარმოადგენს ბიზნესისთვის სამუშაო კაპიტალის დაფინანსების ალტერნატიულ გზას - პროდუქტის ან მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები ფაქტორის მიმწოდებლისგან თანხას წინასწარ იღებენ, ხოლო სანაცვლოდ დებიტორულ დავალიანებაზე მოთხოვნის უფლებას უთმობენ. საბოლოოდ, ფაქტორის მიმწოდებელი ანაზღაურებას იმ მხარისგან იღებს, რომელმაც მომსახურება ან პროდუქცია მიიღო.
კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს:
- შეიქმნება ფაქტორინგის რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება მოთხოვნის გადაცემის ყველა გარიგება, რაც კანონპროექტის ავტორების განმარტებით, უფლებების დაცვას და ე.წ. „ორმაგი ფაქტორინგის“ რისკის შემცირებას ემსახურება.
- დებიტორული დავალიანების რეგისტრაციის სავალდებულო დოკუმენტი გახდება ელექტრონული ინვოისი ან საგადასახადო ანგარიში.
- ასევე, ფაქტორინგული კომპანიები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ და დაექვემდებარონ საქართველოს ეროვნული ბანკიის მიერ დადგენილ წესებს.
ინიციატივა დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.




























