„ფაროსანა მანდარინს დიდ პრობლემას ვერ უქმნის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქცია დაკბენილია, მას სასაქონლო სახეს უკარგავს“,- ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ „აგროინვესტსერვისის“ დირექტორმა, ვაჟა მკურნალაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ციტრუსოვანი კულტურებისთვის მოუგვარებელ პრობლემად რჩება ასევე ჯიშების მუდმივი განახლება. განახლებული ციტრუსის ჯიშების არსებობის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მოსავლის აღებისა და სარეალიზაციო პერიოდი გაიხანგრძლივონ.
„თავისუფლად შეგვიძლია ჯიშგანახლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან დავიწყოთ მოსავლის აღების პროცესი. ასე კი თავისუფლად ავირიდებთ დეკემბერში რთულ კლიმატურ პირობებში მოსავლის აღებას და შესაბამისად, გავუხანგრძლივებთ მიწოდებას ბაზარზე. მაგალითისთვის, რატომაა თურქული მანდარინი დომინანტი, რადგან თითქმის მთელი წლის განმავლობაში აქვს წარმოება.
ამასთან, საჭიროა ლოგისტიკური ცენტრების შექმნა. სამაცივრე მეურნეობები, სადაც ტექნოლოგიების დაცვით მანდარინის შეციება და ბაზრებისთვის ეტაპობრივად მიწოდება მოხდება,“- აცხადებს მკურნალაძე.
მისივე ცნობით, წელს ციტრუსის მოსავალთან ერთად, ცუდი წელი იყო თხილის პლანტაციებისთვისაც, რადგან თხილის მოსავალი მასიურადაა გამხმარი.
რაც შეეხება ბაზრების დივერსიფიკაციას, „აგროინვესტსერვისის“ დირექტორი აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანა ბაზრების დივერსიფიკაციაზე არ იმუშავებს, საქართველო კვლავ რუსეთის ბაზარსა და ლარსის გამშვებ პუნქტზე იქნება დამოკიდებული.
„2023-2024 წლის ციტრუსის სეზონი და მოსავლის აღების პროცესი ჩავარდნილია“- "აგროინვესტსერვისი"