მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მივიღეთ. მან საქართველო დატოვა - გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილი
BM. GE
20.10.23 00:10
25

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის დასრულების შემდეგ, სუს-ის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. კითხვები მათ შორის ეხებოდა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადგილსამყოფელს. როგორც ლილუაშვილმა თქვა, მან საქართველო დატოვა.

„რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის შესახებ გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე გამოიკითხა ბატონი ფარცხალაძე. მინდა გითხრათ, რომ მის მიერ გამოკითხვის რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება ინფორმაციისგან, რომელიც მან განათავსა საჯარო სივრცეში. ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გაიწერა, ნაწილი შესრულებულია, ნაწილი შესრულების ეტაპზეა. ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო, გამოკითხვიდან მეორე დღეს“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმ

მან ასევე თქვა, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებების მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტში გაიგზავნა, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

„მტკიცებულებები ვერ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით კარგა ხანია, საქართველოს პროკურატურის მეშვეობით, ასევე ჩვენი ინიციატივითა და თხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, ამჟამად არანაირი დეტალი არ მიგვიღია, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს. ეს ძალიან დამაფიქრებელია.

ახლა მასმედიაში გავრცელდა ასეთი რამ – თუკი ინფორმაცია ჰქონდათ ამერიკულ სპეცსამსახურებს და ჩვენს პარტნიორებს, ეტყობა, ქართულ სპეცსამსახურებს არ ენდობიან და ამიტომ არ მიაწოდესო. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს სამსახურებს შორის ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, გაცილებით სენსიტიური და უფრო დიდ ეფექტზე გათვლილი საიდუმლო ინფორმაციები იცვლება ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო.

ჩვენს პარტნიორებს ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წინსწრებად რომ ჰქონოდათ, დიდი ალბათობით, მოგვაწვდიდნენ. ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების თითქმის უმრავლესობას მივმართეთ, მათ ხელთ თუ არსებობს რაიმე ოპერატიული ინფორმაცია ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფერი.

პირიქით, ინტერესი გამოიწვია საკითხმა და ყველა ჩვენი კოლეგა პარტნიორი ჩვენგან ითხოვს დეტალებს. მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული და საერთოდ ყველა მუხლი, მიუხედავად მისი სიმძიმისა, მოითხოვს მტკიცებულებათა მაღალ სტანდარტს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დანერგილია. ბრალეულობა რომ დაუდგინდეს, ამას სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგარი და მოპოვებული სამტკიცი არგუმენტები, ნივთმტკიცებულებები და ასე შემდეგ, რომელიც მიუთითებს შესაძლო დანაშაულზე“, – განუცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები