საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით რიგი პრობლემური პრაქტიკა არსებობდა, რაც ხელოვნურად ამაღლებულ ფასებსა და მომწოდებლებს შორის შეჯერებულ ქცევას უკავშირდებოდა. მისი თქმით, ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ შესყიდვების პროცესში „სამართლიანი თამაშის წესები“ დამკვიდრდეს.
ჟორჟოლიანმა "იმედის" ეთერში განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვები ბიზნესთან ურთიერთობისა და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი კრიტიკული კომპონენტია, ამიტომ მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა.
„ყველა ბიზნესს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სახელმწიფო არავის ანიჭებს პრივილეგიას და გადაწყვეტილებები დახურულ კარს მიღმა არ მიიღება. ეს აუცილებელია ჯანსაღი ბაზრისთვის,“ - აღნიშნა მან.
მისი თქმით, პრობლემები პირველ რიგში ბაზრის კვლევის ეტაპზე იჩენდა თავს, რადგან ხშირ შემთხვევაში კვლევა მხოლოდ 2–3 კომპანიას შორის ტარდებოდა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულიც კი შეიძლება ყოფილიყვნენ.
„ხდებოდა ხელოვნურად ფასების გაზრდა. მომწოდებლები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და ხშირად იყოფდნენ ბაზარს. როდესაც იცოდნენ, რომ ერთი და იგივე უწყება ყოველ წელს ერთნაირ რაოდენობას ყიდულობდა, კვლევაში ჩანერგილი ფასები უკვე გაზრდილი შემოდიოდა. ამის შედეგად ტენდერში შემოდიოდა მხოლოდ ერთი ან ორი კომპანია, მაშინ როცა ბაზარზე ბევრად მეტი ოპერატორია,“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ახალ ინსტრუმენტზე - ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდულზე, რომელსაც მისი თქმით, ანალოგი ევროპის არც ერთ წევრ ან კანდიდატ ქვეყანას არ აქვს.
ჟორჟოლიანის განმარტებით, ეს სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ ბაზრის კვლევის პროცესი გახდეს უფრო ფართო, ღია და მონაცემებზე დაფუძნებული, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს არასწორი პრაქტიკის შესაძლებლობას.
მისივე თქმით, მოდული აბსოლუტურად ქართული ნოუ ჰაუა და შემუშავებულია იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფასების ხელოვნური ზრდა, შეჯერებული ქცევა და სხვა პროცესები, რომლებიც წარსულში სახელმწიფო შესყიდვებს ართულებდა.
ცნობისთვის, ბაზრის მოკვლევის ელექტრონული სისტემით მთავრობა გამარტივებული შესყიდვების გამჭვირვალობის ზრდას გეგმავს. უფრო ვრცლად საკითხზე წაიკითხეთ სტატიაში.




























