საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ, გერმანიის მიმართულებით Wizz Air-მა პირდაპირ რეისებზე ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.
საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი & საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინაშვილი განმარტავს, რომ კომპანიების მხრიდან ფასების ზრდას ორი ფაქტორი განსაზღვრავს. პირველი ის, რომ 28 მარტიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანია ფასებს ზამთრის სეზონთან შედარებით ზრდის, მეორე კი სისტემაში მსურველთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა. კერძოდ, მოლოდინაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, რომ ფასებს სისტემა, შესული ადამიანების რაოდენობის მიხედვით აწესებს.
„როდესაც თვალს ვადევნებ შექმნილ აჟიოტაჟს, ძალიან მიკვირს და მგონია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გარკვეული წესები მოგზაურობასთან დაკავშირებით უნდა გვესწავლა. ავიაციაში არსებობს ორი სეზონი, ზამთრის და ზაფხულის და ზაფხულის სხვათაშორის სწორედ დღეს დაიწყო, შესაბამისად, ავიაკომპანიები მოთხოვნიდან გამომდინარე რეაგირებენ. ისინი უნდა განვიხილოთ ჩვეულებრივ კომპანიებად, რომლის ფასის წარმოქმნაზე მოქმედებს ისეთი წესები, როგორიცაა მოთხოვნა და მიწოდება. რა თქმა უნდა, ზაფხულში ეს მოთხოვნა მაღალია და შესაბამისად ის სისტემა, რომელიც მართავს ავიაკომპანიის ტარიფებს, როცა ხედავს, რომ ადგილებთან შედარებით მოთხოვნა 4-5-ჯერ მეტია, ავტომატურად აკორექტირებს ფასს.
ჩვენ ფეხბურთის დიდი ღონისძიება გველის გერმანიაში, Wizz Air-ი ცხადია ამით „სარგებლობს“ და პრაგმატულად უდგება. აქ მივდივართ კონკურენციაზე. მე არ ვამბობ, რომ სპეკულაციურ ფასს არ აწესებენ, მაგრამ სპეკულაციური ფასები ყოველთვის რეგულირდება კონკურენციით. ჩვენ დღეს დორტმუნდის მიმართულებით პირდაპირი რეისის შემსრულებელი სხვა ავიაკომპანიაც რომ გვყავდეს, Wizz Air-იც შეხედავდა, რომ მის ბილეთებზე ნაკლებია მოთხოვნა, შესაბამისად, ფასები დაიწევდა.
ჩვენ გვჭირდება ჩვენი ძლიერი ავიაკომპანიები, რაღა სხვებს კონკურენცია გაუწიონ.
Wizz Air-ი ულტრაბიუჯეტურია, თუმცა თბილისშიც გვაქვს დაბალბიუჯეტური კომპანიები, რომლებიც ტრანზიტულად დაფრინავენ. ქართული ბაზარი უცხოური კომპანიებით ივსება, ეს კი იმის ნიშანია, რომ ქართული საავიაციო ბაზარი ყოველთვის არის საინტერესო, განვითარებადი ვართ, მოგების მზარდი მარჟა აქვთ და ეს ტრენდი აუცილებლად გაგრძელდება.“ - განაცხადა მოლოდინაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. რიგით მე-17 ტურნირზე პირველობისთვის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გერმანიაში 22 ქვეყანა იასპარეზებს. საქართველო F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი ეყოლება.