ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, იანვარში ინფლაციის დაჩქარება მათ შორის მთავრობის მიერ გასული წლის დეკემბერში საბიუჯეტო თანხების გააქტიურებულ ხარჯვას უკავშირდება, რაც მისი შეფასებით, საბოლოოდ ფასებზე უკვე მიმდინარე წლის დასაწყისში აისახა.
როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, ინფლაციის ტემპის დაჩქარება მათ შორის სეზონური ფაქტორებითაცაა გამოწვეული, თუმცა მისივე თქმით, იანვარში ფასებზე ძირითადი გავლენა სწორედ სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებს ჰქონდა.
“პირველ რიგში, მოულოდნელი არ არის ფასების ზრდა. შეიძლება ამ დონეზე ზრდა მაინც ცოტათი მოულოდნელი იყო, მაგრამ თავისთავად ჩვენ ვიცით, რომ იანვარი არის თვე, როდესაც ბევრი გამყიდველი, ეს იქნება საცალო ვაჭრობის ობიექტი, მაღაზია, რესტორანი, გადახედავენ ხოლმე საფასო პოლიტიკას, როგორც წესი, გაძვირების მიმართულებით. შესაბამისად, იანვარი ხშირად არის თვე, როცა ფასები იზრდება და არ უნდა იყოს გასაკვირი ეს მოვლენა.
მეორე მხრივ, ჩემი აზრით, ეს არის საინტერესო მოვლენა [ინფლაციის ზრდა] კავშირში ორ სხვა მოვლენასთან. ერთგვარი სამმოქმედებიანი წარმოდგენაა. პირველი – ეს არის დეკემბრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისტორიულად შეიძლება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხარჯების. დაახლოებით 3,5 მილიარდი ლარი დაიხარჯა დეკემბრის თვეში. ამის გამომწვევი მიზეზი იყო ის, რომ წლის განმავლობაში თანხები არ იხარჯებოდა, შემდეგ მოხდა ცვლილებები ბიუჯეტის კანონში და მერე ერთბაშად დახარჯა ბევრი თანხა „ქართული ოცნების“ მთავრობამ. როგორც ჩანს, პირველი აქტი იმიტომ არის ეს, რომ აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ ელოდა ფასების ზრდას დეკემბერ-იანვარში. ამ დაჩქარებული ხარჯებიდან გამომდინარე, რომელიც თავის მხრივ მინიმუმ არის მისმენეჯმენტი, ცუდი მართვა, მაგრამ კიდევ შეიძლება არასწორი ფისკალური პოლიტიკის შედეგად შეფასდეს.“
მეორე აქტი – ეს იყო ფასების კომისია და ზოგადად შეტევა ფასებზე. ჩემი აზრით, ეს ორი მოვლენა რაღაც მხრივ დაკავშირებულია ერთმანეთთან. როდესაც იცოდა „ქართულმა ოცნებამ“, რომ დეკემბერში ასეთი მასშტაბის ხარჯებს ახორციელებდა და პარალელურად დეკემბერ-იანვარი არის თვე, სადაც ფასები სხვა თანაბარ პირობებშიც იზრდება, ის გადავიდა შეტევაზე. მთელი ეს აბსურდული შეტევა ფასებზე, კომისიები, სუს-ის გამოძიება – ეს იყო ნაწილობრივ გამოძახილი ამაზე, რადგან ხელისუფლება ელოდა, რომ მისი ამ დაჩქარებული ხარჯიდან გამომდინარე ფასები გაიზრდებოდა, განსაკუთრებით სურსათზე.
აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფასები მაინც გაიზარდა. ანუ არ აღმოჩნდა ეს შეტევა ფასებზე, სუს-ი, კომისიური მუშაობა საკმარისი, რომ გადაეფარა ისტორიული ხარჯები ბიუჯეტიდან დეკემბრის თვეში. შედეგად მივიღეთ ის, რომ ისევ თითქმის 5%-ია იანვრის ბოლოს ინფლაცია, ხოლო სურსათზე ისევ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია ფასების ზრდამ”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, საქსტატის თანახმად, 2026 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა. ეს 0.8 პროცენტული პუნქტით უფრო მეტია, ვიდრე დეკემბრის ინფლაცია. ამასთან, ყველაზე დიდ გავლენას კვლავ სურსათის ჯგუფი ახდენს, სადაც ფასები წლიურად 10.6%-ით არის მომატებული.




























