მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფასების კომისიამ" ბაზრის შესასწავლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება გადაიფიქრა

შოთა ბერეკაშვილი

"ფასების საპარლამენტო კომისიამ“ ბაზრის შესასწავლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება გადაიფიქრა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორში“ „ფასების საპარლამენტო კომისიის“ თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მან მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.

„საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება განიხილებოდა, თუმცა შემდეგ ინტერესთა კონფლიქტის გამო - იმ კომპანიებს ადგილობრივებთან ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდათ, ამიტომ ვერ შევძელით, მაგრამ, ჩვენ კომისიის ფარგლებში შევისწავლეთ ხორვატიის, უნგრეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, საფრანგეთის, სერბეთის გამოცდილება.

სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგებით შევისწავლეთ, შემდეგ ჩვენი ბაზრის სტრუქტურა შევადარეთ და გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის დაგეგმვის შემთხვევაში კონკრეტულ საკვებ პროდუქტებზე ხელშესახებ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ცნობისთვის, თებერვალში ბერეკაშვილმა თქვა, რომ კომისიამ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს შუამდგომლობით, რათა ე.წ. Big Four-იდან მოეწვიათ საერთაშორისო კომპანია, რომელიც ბაზრის დამოუკიდებელ კვლევას ჩაატარებდა. შოთა ბერეკაშვილი მაშინ ამბობდა, რომ ფასების შესწავლაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა პროცესს მეტ ობიექტურობას შესძენდა.

აღსანიშნავია, რომ Big Four მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს პროფესიული მომსახურების ქსელს აერთიანებს: Deloitte, PwC, EY და KPMG. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირად "აუდიტორულ კომპანიებად" მოიხსენიებენ, რეალურად ისინი გლობალური საკონსულტაციო და კვლევითი გიგანტები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები