მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფასების კომისიისა" და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა იწყება - რა მოლოდინი აქვს დარგს?

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ილონა კოკიაშვილი ვარაუდობს, რომ ფასების სამთავრობო კომისიის სხდომაზე ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებთან საუბარი მედიკამენტების რეფერენტული ფასის რეგულირებაში გეგმურ ცვლილებებს შეეხება. ამის შესახებ მან ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქრონიკული პაციენტებისთვის განკუთვნილ უმეტეს მედიკამენტზე ფასები რეგულირებადია. უბრალოდ დარჩენილია რაღაც ლუფტი მედიკამენტების, რომელიც გეგმურად უნდა შესულიყო რეფერენტულ რეგულირებაში. სავარაუდოდ, ამაზე იქნება საუბარი. როდესაც ფასი რეგულირებადია, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს ერთი თეთრითაც ამ რეგულირებულ ფასზე ძვირად გაიყიდოს მედიკამენტი“, - განმარტა კოკიაშვილმა.

კითხვაზე არსებობს თუ არა ფასების შემცირების რესურსი და რა მოლოდინი აქვს სექტორს, დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ „რეგულირების დაწესების“ მოლოდინი აქვთ.

„ჩვენ ვერ ვიტყვით წინასწარ რა ფასი შეიძლება ამ მედიკამენტზე დაწესდეს, იმიტომ, რომ ეს არის რეფერენტული, სპეციალური ფორმულა, რომლითაც დგინდება ფასი“.

ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა.

მიმდინარე კვირაში კი შეხვედრა საწვავის კომპანიებთანაც დაგეგმილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები