მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფასების კორექტირებაზე პრიორიტეტული დასაქმებულებისთვის ხელფასის ზრდაა“ - ლიტვური საცხობი

63e228a981f8d
თინათინ ნატმელაძე
07.02.23 23:50
638
„ლიტვური საცხობის“ დირექტორის თინათინ ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილმა კადრების დეფიციტმა კომპანია აიძულა, ფასების კლებაზე მეტად დასაქმებულებისთვის ხელფასის ზრდაზე ეზრუნათ.

როგორც მან BM.GE-თან თქვა, ამ ეტაპზე პურის ფასი შენარჩუნებულია და მისი უახლოეს მომავალში კორექტირება არ განიხილება.

„რაღაც ეტაპზე პროდუქტის ფასის ზრდას განვიხილავდით, თუმცა შემდეგ ფქვილის ფასი დასტაბილურდა და ამის აუცილებლობა აღარ იყო. ჩვენი წარმოების 70% მიბმულია ევროკავშირიდან ნედლეულის იმპორტზე, ამ ეტაპზე ცვლილებაზე მომწოდებლებისგან ინფორმაცია არ მიგვიღია. თუ რაიმე კატაკლიზმა არ მოხდა საფასური შენარჩუნდება. როგორც კი ფინანსურად შესაძლებლობა მოგვეცა, აქტიურ რეჟიმში დავიწყეთ ხელფასების ზრდა, ძირითადად საუბარია წარმოებაში დასაქმებულ კადრებზე. გასულ წელს აქტიურად დაიწყო სამუშაო ძალის ქვეყნიდან გადინება, ამაზე უარესი მდგომარეობა თუ შეიქმნება არც კი ვიცი, როგორ უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში ბიზნესის ოპერირება, ამიტომ გვირჩევნია, ეს მხარე დავასტიმულიროთ და წარმოებას დაბრკოლება არ შევუქმნათ,“ - განაცხადა თინათინ ხუციშვილმა.

გასულ წელს, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ნედლეულის ფასის ზრდამ „ლიტვური საცხობის“ პროდუქტის საფასურის 10%-ით გაზრდაც გამოიწვია. თუ მანამდე ბაზარს სხვადასხვა სახეობის პურს 1.90 ლარად აწვდიდნენ, ამის შემდეგ ფასი 2.10 ლარი გახდა, რაც ამ დრომდე არ შეცვლილა. მაშინ კომპანიის დირექტორი BM.GE-თან აცხადებდა, რომ პროდუქტზე მოთხოვნაც 15-20%-ით იყო შემცირებული, რაც ახლა 10%-ის ფარგლებშია დარეგულირებული. თინათინ ხუციშვილი ამბობს, მომხმარებლების მოთხოვნის ზრდას კომპანია ინოვაციური სიახლეების დანერგვით ახერხებს.

„კომპანია მუდმივად სიახლეების დანერგვაზეა ორიენტირებული, მაგალითად, გასულ წელს თეთრი პურიდან საფუარი სრულად ამოვიღეთ, რაც პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებასაც გულისხმობს, ამას ჩვენი მომხმარებლები ამჩნევენ და მოთხოვნაც მზარდია. ამჟამად ახალი საწარმოო ხაზის ჩაშვებაზე და ტექნოლოგიურ სიახლეებზე ვმუშაობთ და თუ ახლა 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი გვაქვს, ამის შემდეგ ეს 12 საათამდე შემცირდება,“ - განმარტავს „ლიტვური საცხობის“ დირექტორი.

ინფორმაციისთვის, ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან მარცვლეულის ექსპორტის გაძვირების მიუხედავად, წლის ბოლოს შემცირებული ბაჟის შედეგად ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის გარკვეული მარაგები შეიქმნა, რის გამოც პურის ფასი მარტამდე არ შეიცვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები