მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„[ფასების შემცირების] გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა მიიღებს, ბიზნესისთვის სავალდებულო უნდა იყოს“ – „ბარაქა“

ვაჟა ბერიძე

ზეთის იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ დირექტორი აცხადებს, რომ პროდუქტის ფასების შემცირების შესახებ რა გადაწყვეტილებასაც მთავრობა მიიღებს, ეს ბიზნესისთვის სავალდებულო უნდა იყოს. ამის შესახებ ვაჟა ბერიძემ ფასების საპარლამენტო კომისიის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა მიიღებს, ბიზნესისთვის სავალდებულო უნდა იყოს. თუ დაიგეგმება ფასების შემცირება, ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. მე რამდენადაც ვიცი, პირველი აპრილიდან გეგმავენ ამას. ფასების შემცირება როდესაც იქნება , აუცილებლად ყველამ უნდა გამონახოს რესურსი. საქართველო დღეს ძირითადად იმპორტზე მუშაობს, როგორც სასურსათო, ისევე ეს ფარმაცევტული პრეპარატები და ისევე როგორც ნავთობპროდუქტები. ჩემი აზრით, მე ვფიქრობ, რომ რესურსი საკმაოდ დიდია. კომისია შეიქმნება და კომისია იმსჯელებს ამაზე“, - განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

BMG-ის ჩაკითხვაზე თავისუფალი ბაზრის პირობებში, ფასების კორექტირების ნაწილში რამდენად სწორია მთავრობს ჩარევა, „ბარაქას“ დირექტორი აცხადებს, რომ ის კომისიაზე თავის პოზიციას როგორც მომხმარებელი და როგორც ბიზნესმენი ისე წარადგენს. მას მაგალითად მედიკამენტები მოჰყავს და აცხადებს:

„დიდია სხვაობა ფასებს შორის და რატომაა? ელემენტარულად მე გეტყვით, მაგალითად ერთი წამალი მე დამჭირდა, კარგია პრეპარატია. საქართველოში არ იყო და თურქეთში, ტრაპიზონში 50 აბს 80 ლარად ვყიდულობდი. მერე მოვიძიე და აღმოჩნდა ორ აფთიაქში იგივე დასახელების თურქული 175 ლარი ღირდა“, - განაცხადა მან.

ჟურნალისტებმა ზეთის იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელს ჰკითხეს, ზეთი შემთხვევაში მას როგორც იმპორტიორს შეუძლია თუ არა ფასების შემცირება, თუმცა ვაჟა ბერიძემ კითხვას თავი აარიდა და მაგალითად ვაშლის იმპორტი მოიყვანა. „ბარაქას“ დირექტორი მთავრობის გადაწყვეტილებით ბიზნესის მიერ ფასების შემცირებას ემხრობა, თუმცა ამავე დროს ბაზრის ლიბერალიზაციაზე საუბრობს.

„ქვეყანა იმპორტზე მუშაობს ძირითადად. როდესაც ვაშლი შემოაქვთ და 5 ლარი ღირს, ფასთა სხვაობა არის, როგორც მინიმუმი 2 ლარი მაინც. დასწიე ერთი ლარი. სამარცხვინოა, რომ ვაშლის ქვეყანაში ღირდეს 4-5 ლარი. მეორე მხრივ, მე თავისუფალი ბაზარი მაქვს, ლიბერალური, ასე ვთქვათ, ეკონომიკური პოლიტიკა და ამ ეკონომიკური პოლიტიკით რასაც მინდა იმას ვადებ და ვყიდი. მეყიდება ბატონო და ვყიდი, რას მერჩი“, - ამბობს „ბარაქას“ დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები