მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფასების ზრდის დაბრალება მარკეტების რაოდენობისთვის იგივეა, რაც წვიმის დაბრალება ქოლგების სიმრავლისთვის" - მოსაზრება

პაატა შეშელიძე

"მოსაზრება – თითქოს მარკეტების რაოდენობის ზრდა ფასებს ზრდის და მოსახლეობას ტვირთად აწვება – ეკონომიკური თეორიის ფუნდამენტურ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის", - ამის შესახებ განმარტებას ეკონომისტი პაატა შეშელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"აი, მოკლე ანალიზი 11 პუნქტად, თუ რა ხდება სინამდვილეში:

კონკურენცია ფასს დაბლა წევს – მეტი მარკეტი ნიშნავს გამძაფრებულ ბრძოლას მომხმარებლისთვის და მეტ სტიმულს ფასების შესამცირებლად.

ხარჯების მითი – ფასს განსაზღვრავს არა ბიზნესის დანახარჯი, არამედ პროდუქტის სარგებლიანობა მომხმარებლისთვის.

ინფლაციის რეალური მიზეზი – ფასების საერთო ზრდა ფულის მასის მატების შედეგია და არა დახლების სიმრავლის.

რესურსების განაწილება – ბაზარი თავად წყვეტს, რამდენი მარკეტია საჭირო. შეზღუდვები ყოველთვის ეკონომიკურ დეგრადაციამდე მიდის.

ფასი, როგორც სიგნალი – ფასი ინფორმაციაა და არა გამყიდველის „ნება“. მეტი მიმწოდებელი ამ ინფორმაციას უფრო ზუსტს ხდის.

გეოგრაფიული სიახლოვე – რაც უფრო ახლოსაა მაღაზია, მით ნაკლებს ხარჯავთ დროსა და საწვავზე. რეალური დანახარჯი მცირდება!

კორელაცია vs მიზეზშედეგობრიობა – ფასების ზრდის დაბრალება მარკეტების რაოდენობისთვის იგივეა, რაც წვიმის დაბრალება ქოლგების სიმრავლისთვის.

მომსახურების ხარისხი – კონკურენცია მხოლოდ ფასში არ არის; ეს არის ბრძოლა სისუფთავისთვის, სიახლისთვის და უკეთესი სერვისისთვის.

მომხმარებლის სუვერენიტეტი – თქვენ ხართ მთავარი მსაჯული. ბაზარი თავად განდევნის არაეფექტურ ობიექტებს, სახელმწიფო კი მხოლოდ არჩევანის უფლებას გიზღუდავთ.

ოლიგოპოლია და ბარიერები – ოლიგოპოლია მხოლოდ სახელმწიფო პროტექციონიზმით არსებობს. თუ ახალი ქსელები არ შემოდიან, ეს ბიუროკრატიული ბარიერების ბრალია.

კრონი-კაპიტალიზმი – ბიზნესისა და ხელისუფლების მახინჯი კავშირი. ფასების ვარდნა პოლიტიკურ მითითებებზე ამ სისტემის პირდაპირი შედეგია.

შეჯამება: მოსახლეობისთვის ტვირთი არა მარკეტების სიმრავლე, არამედ ფულის მსყიდველობითი უნარის დაცემა, სახელმწიფო ბარიერები და კრონი-კაპიტალიზმია", - წერს პაატა შეშელიძე.

ეკონომისტი საკითხზე სრული და ამომწურავი ანალიზის ბმულსაც აქვეყნებს.

ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის ბოლოს სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

პარალელურად, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

გუშინ, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლების კერძო სექტორთან შეხვედრაზე, კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საცალო ვაჭრობის სტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში მარკეტების რაოდენობა გაორმაგდა. მისი თქმით, საქართველოში 100 000 მოსახლეზე 113 მარკეტია, მაშინ როდესაც გერმანიაში იგივე მაჩვენებელი 45-ს, ხოლო ავსტრიაში 62-ს შეადგენს, რაც საბოლოოდ ფასებზე ნეგატიურად აისახება და დამატებით ტვირთად აწვება მოსახლეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები