მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასებზე დაანონსებულ კანონპროექტს ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთან კავშირი არ აქვს - პაპავა

63f5d7f1bc5b2
მარიამ ვარადაშვილი
22.02.23 23:45
627
ცოტა ხნის წინ მთავრობამ ახალი კანონპროექტი დააანონსა, რომლითაც იმპორტიორებისთვის განისაზღვრება სურსათზე ფასნამატის მარჟები, ანუ მთლიანად საცალო ვაჭრობის სექტორისთვის ახალი წესები დადგინდება. პრემიერის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ უნდა მოამზადოს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ხალხზე აისახება. ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ, ინფლაციის გასული თვის მაჩვენებელი იყო 9,4%. აქედან 6,1% არის სურსათის ფასები. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც კი დარეგულირდება ეს საკითხები, და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც გვაქვს განსაზღვრული 5% დაახლოებით, ამ წლის განმავლობაში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ პროდუქტზე ფასის ზრდის ამ ფორმით რეგულირებას ეკონომიკური დასაბუთება არ გააჩნია და ამით რითეილ სექტორი ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდება.

“ეს გადაწყვეტილება შესაძლოა პოლიტეკონომიკაში ჯდებოდეს, თუმცა არაფერი კავშირი ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთან არ აქვს. ეს არის ერთ-ერთი მორიგი გადაწყვეტილება, რომელიც ეხმიანება საზოგადოების მოთხოვნას. ხელისუფლება ცდილობს ბოლომდე გამოიყენოს ის ნაკლები გათვითცნობიერება, რაც არსებობს საზოგადოებაში რიგ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად გვხვდება, რომ ამომრჩეველი მთავრობას დასაქმებას სთხოვს. ასევე ითხოვს რომ ფასები შემცირდეს, ადრე ითხოვდნენ ლარის კურსი სტაბილური ყოფილიყო, ხოლო წამლების ფასი - დაბალი. მთავრობა ადგა და პირდაპირი ჩარევის გზებით გადაწყვიტა ამ პრობლემების მოგვარება. იქნება ეს პრემიერი თუ ეკონომიკის მინისტრი ისინი პირდაპირ ეუბნებიან ბიზნესს შენ უნდა დაწიო ფასები სხვა შემთხვევაში მოვიგონებ გზას, რომლითაც შეგავიწროებ.

საბოლოო ჯამში მივდივართ იქითკენ, რომ ბიზნესი ცდილობს კარგი თუ ცუდი გაგებით დაალაგოს არაფორმალურად რაღაცები ხელისუფლებასთან. ხელისუფლების მთავარი მიზანი კი ამომრჩევლის მხარდაჭერის სწრაფი ზრდაა. ამ სიტუაციაში დავზარალდებით ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც არც დაბალ ფასს გადავიხდით და ძალიან მალე სხვადასხვა გზებით გადავიხდით ამ პოლიტიკის ფასს",-ამბობს პაპავა.

ამას გარდა, ის მიიჩნევს, რომ პროდუქტზე ფასნამატის ზედა ზღვარის დაწესებით ისეც ყველაზე შეჭირვებული მომხმარებელი დაზარალდება.

“წარმოიდგინეთ ახალი ინვესტორი ან ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელსაც ამ სექტორში შემოსვლა უნდა და რას ხედავს?! შეიძლება შემოვიდე ბაზარზე და ვიღაცას არ მოეწონოს რომელიმე პროდუქტს რა ფასს ვადებ, ამიტომ იტყვის მოდი კანონს შეგიცვლი. ან შეიძლება კანონი არ მიიღოს და უბრალოდ დამტუქსოს რომ ყოველ თვე ფასებს შეგიმოწმებ და ვნახოთ გაძვირებული თუ გექნება რამე. შესაბამისად, ახალი ინვესტორი ფიქრობს რომ არა მხოლოდ კონკურენციაში უნდა შევიდეს სხვა ბიზნესთან, არამედ იფიქროს იმაზეც თუ როგორ დაალაგოს ურთიერთობა მთავრობასთან. ამ “დალაგებას” კონკრეტული ფასი აქვს, რასაც საბოლოო ჯამში ჩვენ ვიხდით. როგორც წესი, ყველაზე დაბალფასიან პროდუქციაზე მოგების მარჟა დაბალია, რადგან მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს და ამიტომ რთულია რომელიმე ასეთ პროდუქტზე ვინმეს ძვირი გადაახდევინო. როცა აიძულებ რომ ამ ნაწილში რაღაც შეცვალონ შესაძლოა, სწორედ ეს შედარებით დაბალფასიანი პროდუქტი გააძვირონ, რადგან სხვა პროდუქტზე ფასს ვერ შეცვლიან",- ამბობს გიორგი პაპავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები